ფანცულაიას ტრიუმფი ინდოეთში - სამი ტიტული ერთ თვეში
ლევან ფანცულაია ინდოეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონმა A კატეგორიის ტურნირზე ჩატარებული 10 ტურის შედეგად 8,5 ქულა დააგროვა. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა ყირგიზ ტეგინ ტოლოგონსაც, თუმცა ქართველმა დიდოსტატმა მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ფანცულაიამ ინდოეთში ოთხ პრესტიჟულ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სამ შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა, ხოლო ერთხელ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე შეჯიბრებაზე მის გარდა კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძე ასპარეზობდა, რომელმაც ჯამში 7 ქულას მოუყარა თავი და XI-XXII ადგილები გაინაწილა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ლევან ფანცულაია საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი კი 2016 წელს გამართული მსოფლიოს პირველობა გახლდათ სწრაფ ჭადრაკში, სადაც მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს მოუგო.