20-წლამდელთა შორის საუკეთესო - შიოშვილის მორიგი აღიარება
2025 წელს იტალიაში გამართულ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში მიხეილ შიოშვილი უდავოდ გამოირჩეოდა, რასაც რაგბის ექსპერტები ტურნირის მიმდინარეობისასაც აღნიშნავდნენ და მისი დასრულების შემდეგაც, ქართველი მოთამაშე ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. თუმცა, ახალგაზრდა მორაგბემ კიდევ უფრო დიდ წარმატებას ახლახანს მიაღწია.
Tier 2 Rugby-ის ვერსიით, მიხეილ შიოშვილი 20-წლამდელებს შორის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, რაც სრულიად სამართლიანია, რადგან წინა ზაფხულს გამართულ პლანეტის პირველობაზე მეტოქის ჩათვლის მოედანი შვიდჯერ აიღო და ყველაზე მეტი ლელოს ავტორი გახდა. გარდა ამისა, შიოშვილის ანგარიშზე 46 წარმატებული ბოჭვა, 59 ბურთის წაღება, 4 ხაზის გაჭრა და 8 დომინანტური ბოჭვა იყო.
ცნობისათვის, 20-წლამდე მორაგბეთა მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატი 2026 წელს ახალი ფორმატითა და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.