ახალი ფორმის პრეზენტაცია - ხელბურთელების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი იანვარში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. დიზაინერების მიერ შერჩეულია სამი ფერის მაისურები, რომელსაც სხვადასხვა მატჩებში გამოიყენებენ.
კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა. ქართველების მეტოქე მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი შვედეთის გარდა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრები იქნება.
მზადების ფარგლებში ქართველი ხელბურთელები საკონტროლო შეხვედრებს საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ალჟირის გუნდთან ჩაატარებენ. მნიშვნელოვან ტურნირს, საქართველოს ნაკრები სერიოზული დანაკლისით ხვდება - ტრავმის გამო თეიმურაზ ორჯონიკიძე ვერ ითამაშებს, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ზურაბ ცინცაძე იქნება.
ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები 17 იანვარს, ხორვატებთან მატჩით დაიწყებს, 19 იანვარს შვედებს შეხვდება, ბოლო ტურში კი 21 იანვარს, ჩვენი ქვეყნის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება.