ევროპაზე კაპიტნის გარეშე - კალანდაძემ ორჯონიკიძის შემცვლელი დაასახელა
თვეზე ნაკლებ დროში ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც სამი ქვეყანა დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს. ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ, საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა და ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი სპეციალისტების მიერ „სიკვდილის ჯგუფად“ შერაცხულ E კვარტეტში მოხვდა, სადაც შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ითამაშებს.
როგორია პრესტიჟული ტურნირისთვის მზადების გეგმა, რამდენად მაღალი შანსები აქვს ჩვენს გუნდს ასწრებს თუ არა კონტინენტის პირველობისთვის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე გამოჯანმრთელებას - ამ შეკითხვებით საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს მივმართეთ და Crystalsport-თან ინტერვიუში ტიტე კალანდაძემ თითოეულ საკითხზე დეტალურად ისაუბრა.
ტიტე კალანდაძე
ნაკრების ყველა ხელბურთელი ჯერჯერობით არ ჩამოსულა - გუნდი სრულად ორ-სამ დღეში შეიკრიბება. ახალ წლამდე სამი საკონტროლო შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და თბილისში საუდის არაბეთის ნაკრები უნდა გვეწვიოს, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათთან ამხანაგური თამაშის ჩატარების გამოცდილება გვაქვს - წინა ევროპის ჩემპიონატის წინ სლოვენიაში შევხვდით და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.
ახალი წლის შემდეგ სლოვენიაში გავემგზავრებით და იქ გვექნება სპარინგები ქუვეითთან და ალჟირთან, რომლებიც საკმაოდ მაღალი კლასის გუნდები არიან და რეგულარულად ასპარეზობენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რის გამოც მათთან ძალების მოსინჯვა ჩვენთვის უზომოდ სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება მეტოქეებს ევროპის ჩემპიონატზე, მხოლოდ მე არ მითქვამს, სპეციალისტებმაც „სიკვდილის ჯგუფად“ მონათლეს ჩვენი ჯგუფი, რადგან ისეთი მეტოქეები გვყავს, რომელთაც კონტინენტის პირველობიდან დაწყებული, ოლიმპიადით დასრულებული ყველაფერი მოგებული აქვს. მართალია ნიდერლანდებს არ მოუგია, მაგრამ მათ აქამდე მუდამ მცირე ნაბიჯი აკლდებოდათ. თუმცა, ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თუნდაც წინა ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ახლა გაცილებით ძლიერი გუნდი ვართ - ბევრად შეთამაშებული და ბევრად გუნდური ნაკრები.
ნაკრების კაპიტანმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ მცირე ვარჯიშები დაიწყო, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. მის არყოფნაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლავურს მეკარე ზურაბ ცინცაძე მოირგებს, ხოლო ვიცე-კაპიტანი ერეკლე არსენაშვილი იქნება, რომელმაც კარპატების თასზეც გვიკაპიტნა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა.
ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 17 იანვარს ხორვატებთან მატჩით დაიწყებს, რასაც 19 იანვარს შვედებთან დაპირისპირება მოჰყვება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 21 იანვარს ნიდერლანდებთან შეხვედრით დაასრულებს.