დროშაც და ჰიმნიც - რუსებს ძიუდოში შეზღუდვა მოუხსნეს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აბუ-დაბის გრანდ სლემის წინ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც უდიდესი რეზონანსი მოჰყვება. IJF-მა რუს სპორტსმენებს აქამდე არსებული ყველანაირი შეზღუდვები მოუხსნა და ისინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრესტიჟულ შეჯიბრებაში არა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით, არამედ რუსეთის დროშისა და ჰიმნის ქვეშ იასპარეზებენ. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე დღეს გავრცელდა, სადაც ასე წერია:
„სპორტმა უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენებისგან ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ძიუდოს საფუძვლად უდევს მშვიდობის, ერთობისა და მეგობრობის ღირებულებები და დაუშვებელია, რომ ის გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პლატფორმად იქცეს. შესაბამისად, აღმასრულებელმა კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა, რომ აბუ-დაბის გრანდ სლემიდან მოყოლებული რუს სპორტსმენებს კვლავ ჰქონდეთ საკუთარი ეროვნული დროშითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლება“.
ცნობისათვის, უკვე გადაწყვეტილია, რომ 10 წონით კატეგორიაში აბუ-დაბის გრანდ სლემზე, რომელიც 28-30 ნოემბერს უნდა გაიმართოს რუსეთის სახელით 19 ძიუდოისტი იასპარეზებს. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ტატამიზე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), თემურ ნოზაძე (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ), ჯუმბერ მელაძე (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) გავლენ.