ორი ტრიუმფატორი - ძიუდოისტების ოთხი მედალი ხორვატიაში
ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართული კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებულად დასრულდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ორი კი უმაღლესი სინჯის გამოდგა, რომლის მფლობელებიც გიორგი მჭედლიშვილი (-73 კგ) და ილია ზაქუტაშვილი (+90 კგ) გახდნენ.
მჭედლიშვილმა ტურნირის პირველ წრეში უნგრელი ბოტონდ კოვაჩში დაამარცხა, რასაც მასპინძელი სპორტსმენის, ხორვატი ადრიან ჰრენის ძლევა მოჰყვა. მერვედფინალში გიორგი სერბ ილია სტანკოვიჩზე ძლიერი აღმოჩნდა, მეოთხედფინალში იტალიელ ანტონიო რუსოს აჯობა, ხოლო ფინალის საგზური კიდევ ერთი სერბის, ალექსა ტანასიევიჩთან მოგებით მოიპოვა. რაც შეეხება გადამწყვეტ ბრძოლას, მჭედლიშვილმა უკრაინელი რუსლან ფილონენკო დაამარცხა.
ზაქუტაშვილი ევროპის თასზე მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ტურნირი ისრაელელი დენ იკმანის ძლევით დაიწყო. ამას მოჰყვა მეოთხედფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ ენდელაძესთან გამარჯვება, ხოლო ნახევარფინალში ილიამ მასპინძელი ძიუდოისტი მარკო ვუიჩა დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ზაქუტაშვილმა ბოსნიელ ნიკოლა ლუბურას აჯობა.
ცნობისათვის, საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებს კიდევ ორი მედალი ნიკა ნიგურიანმა (-90 კგ) და ნიკა ვარსიმაშვილმა (-90 კგ) მოუტანეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.