ზემო ავსტრიის გრან პრი - მეორე დღეც უმედლოდ დასრულდა
პირველი საშეჯიბრო დღის მსგავსად, ზემო ავსტრიის გრან პრის მეორე დღეც ქართველი ძიუდოისტებისთვის უმედლოდ და წარუმატებლად დასრულდა. დღეს ტატამიზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი, ხოლო 81-ში ზაურ დვალაშვილი გავიდა და სამწუხაროდ სამივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი შავდათუაშვილი ალჟირელ მესაუდ დრისს დაუპირისპირდა და ინერტულობისთვის მიღებული მესამე გაფრთხილებით დამარცხდა. ამავე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტერაშვილმა ფინელ ვალტერი ოლინთან წააგო, ხოლო დვალაშვილმა 81 კილოგრამში სერბ მიხაილო შიმინს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ტურნირი ხვალ დასრულდება და ჩვენი ქვეყნის სახელით ექვსი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი (90 კგ), ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იჭიდავებს.