ოქრო და ბრინჯაო - ბაჩოშვილი იპონით გაჩემპიონდა
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შოთა ბაჩოშვილი (60 კგ) ავიდა, ხოლო ნიკოლოზ კურდღელაშვილმა (81) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
ბაჩოშვილმა შეჯიბრება მერვედფინალურ ეტაპზე კოსოვოელი ფურკან კელმენდის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ავსტრალიელი ჯეკ ბანისტერის ძლევა მოჰყვა. ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში შოთამ ისრაელელ ბენ ტამარის აჯობა, ხოლო ოქროს მედალს მექსიკელ ედუარდო საგასტეგისთან გამარჯვებით დაეუფლა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსანს, ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კვიპროსელ სტეფანოს ლაზარიდესს მოუგო. მისი და ბაჩოშვილის გარდა, ტურნირზე საქართველოს სახელით კიდევ სამი ძიუდოისტი, ლუკა დარისპანაშვილი, ვახტანგ ჭიაბერაშვილი და ვლადიმერ მაჩურიძე გამოვიდა, თუმცა სამწუხაროდ სამივე მედლის გარეშე დარჩა.