ორი ქართული ფინალი - სამი ჩემპიონი კადეტთა თასზე
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართული კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასი ქართველებისთვის ტრუმფალურად დასრულდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეჯიბრებაში 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ორ წონით კატეგორიაში, -73-სა და +90-ში ქართული ფინალი შედგა და შესაბამისად, იესო სამსიანმა - გიორგი მჭედლიშვილი, ხოლო ნიკოლოზ აფციაურმა ოთარ ჯაფარიძე დაამარცხა. ევროპის თასის გამარჯვებული სამსიანისა და აფციაურის გარდა, ლუკა აგბაიძე (-90 კგ) გახდა, ხოლო მჭედლიშვილისა და ჯაფარიძის მსგავსად, ოქროს მედლამდე ერი ნაბიჯი ნიკოლოზ ფალელაშვილს (-60 კგ), ნიკოლოზ ბრეგვაძეს (-66 კგ) და მაია ღვალაძეს (+70 კგ) დააკლდა.
რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, საპრიზო მესამე ადგილი თორნიკე მდინარაძემ (-55 კგ), თამარ მამიაშვილმა (-57 კგ), გიგი კეკვიაშვილმა (-66 კგ), ნია ქაფიანიძემ (+70 კგ), გიორგი გეწაძემ (-73 კგ) და ლუკა ბუზიაშვილმა (-81 კგ) დაიკავა.