„მასთან კონტაქტი აღარ მინდა მქონდეს“ - სებალიოსი არბელოას უპირისპირდება
„რეალს“ წელს რომ არასახარბიელო შედეგები აქვს და უტიტულოდ რჩება, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ახლა უკვე კლუბის შიგნით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მადრიდული სპორტული გამოცემების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების თვალწინ დანიელ სებალიოსმა ალვარო არბელოა გააფრთხილა, რომ მასთან დაკონტაქტება აღარ გაბედოს და რომ სეზონის დასრულებისთანავე კლუბის დატოვებას გეგმავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით სამეფო კლუბის დამრიგებელს „ესპანიოლთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განმარტებების გაკეთება მოუწია.
ალვარო არბელოა
ჩემს ფეხბურთელებთან დაკავშირებულ საჯარო დებატებში არასოდეს ვერევი და კომენტარებსაც არ ვაკეთებ. ოც წელიწადზე მეტია, ამ გასახდელში ვარ და პირველი, რაც ვისწავლე, ის არის, რომ ყველა პრობლემა გასახდელში რჩება. ამ პოლიტიკას უკვე ოცი წელია ვიცავ და ბოლომდე მისი ერთგული დავრჩები.
ცნობისათვის, იმ შემთხვევაში თუ დღეს „ბარსელონა“ სტუმრად „ოსასუნას“ დაამარცხებს, ხოლო ხვალ „რეალი“ ესპანიოლთან ქულებს დაკარგავს, ერთ კვირაში „ელ კლასიკოს“ კატალონიელები ჩემპიონის რანგში შეხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით და რიგით მადრიდელებმა მათ საჩემპიონო კორიდორი უნდა გაუკეთონ.