„ჩემი ეშინია, ყველა კომპონენტში ვაჯობებ“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანმა დენიელ კორმიეს ინტერვიუ მისცა და „დისის“ შეკითხვებს უპასუხა. სომეხმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია კიდევ ერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ მასთან შანსი უბრალოდ არ აქვს.
„ილიას ჩემთან ჩხუბი არ უნდა და ჩემი ეშინია. რატომ უნდა აიღოს სახიფათო ჩხუბი არმან ცარუკიანთან, რომელიც ნომერ პირველი პრეტენდენტია, როცა შეუძლია მარტივი მეტოქე, პედი პიმბლეტი დაამარცხოს და შემდეგ ქვესაშუალო წონაში ავიდეს? მესამე საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ეს მისთვის იდეალური სცენარია.
მეგონა, კვერცხები ჰქონდა, რომ ჰუკერთან ჩხუბის შემდეგ გალიაში შემოსულიყო, მაგრამ ადგა და წავიდა. თოფურია თავს მარიდებს და ჩემი სახელის ხსენება არ უნდა, რადგან მისი მიზანია, პედი პიმბლეტთან დაკავშირებით შექმნას რაღაც. როდესაც კამერების ობიექტივში მოხვდა, ჩემკენ არც გამოუხედავს და გვერდით იყურებოდა.
როგორ დავამარცხებ თოფურიას? ყველა კომპონენტში მოვუგებ. ჩხუბი სადაც არ უნდა გადავიდეს, ყველგან ვაჯობებ. უბრალოდ მითხარი, როგორ გინდა, რომ მოვუგო. თუ გინდათ, აპკიკით (როდესაც მებრძოლი პარტერში ზურგზე წევს და მეტოქეს სახეში ფეხს ურტყამს) დავანოკაუტებ.“
ცნობისთვის, კორმიესთან ინტერვიუში ცარუკიანმა სამომავლო გეგმებიც განიხილა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე კიდევ ერთი ჩხუბის გამართვას არ აპირებს. მისი მიზანი ტიტულის დასაკუთრებაა და ილიას ელოდება.