ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბევრად მეტი უნდა გამეტანა, ვცდილობ გავუმჯობესდე“ - კვარას პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკესთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა.

ჟურნალისტებმა ხვიჩას საკმაოდ ბევრი კითხვა დაუსვეს, რაზეც ქართველმა ამომწურავი პასუხები გასცა.

„ბაიერნის წინააღმდეგ რთული მატჩი იყო, თუმცა ვფიქრობ, მეორე ტაიმი უკეთესი გვქონდა. ახლა მეორე შანსი გვაქვს, რევანშის აღების შესაძლებლობა. გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

- თქვენს თამაშში რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ?

„ვფიქრობ, ბევრი ასპექტია, სადაც შემიძლია გავუმჯობესდე. ამ საკითხებზე ვმუშაობ. შემეძლო, ბევრად მეტი გოლი გამეტანა, მეტი საგოლე გადაცემა გამეკეთებინა. ყოველდღე ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო“.

- ხშირად გხედავთ დაცვაში თამაშისას. ეს თქვენგან ბუნებრივად მოდის?

„ადრე ასე ნამდვილად არ ვიყავი. ძირითადად შეტევაზე ვიყავი კონცენტრირებული. მივხვდი, რომ ყველა ფეხბურთელს თავისი წვლილი უნდა შეეტანა დაცვით ასპექტში. ამ სფეროში გავუმჯობესდი და მწვრთნელის წყალობით პროგრესი განვიცადე. ბოლომდე ვიხარჯები, გუნდს 100%-ით ვეხმარები მოედანზეც და მის გარეთაც. როდესაც მატჩს ვასრულებ, ვიცი, რომ 100% დავიხარჯე და მზად ვარ ყველაფრისთვის“.

- ფიზიკურად რთული სტარტის შემდეგ, გრძნობთ თუ არა, რომ ახლა კარგ ფორმაში ხართ?

„დიახ, რა თქმა უნდა, რთული იყო. გრძელი სეზონი გვქონდა და ბევრი დასვენება არ გამოგვსვლია. ფიზიკური ფორმის აღდგენა ადვილი არ იყო, მაგრამ სუპერთასი მოვიგეთ. ახლა სრულ მზადყოფნაში ვართ და ამას ყველა მატჩში ვაჩვენებთ. თავს ახლა შესანიშნავად ვგრძნობ“.

- რას ფიქრობთ ტოტენჰემზე?

„ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, კარგად უტევენ და იცავენ თავს. ევროპის სუპერთასზე 2-0-ს ვაგებდით და მაინც შევძელით ანგარიშის გათანაბრება. ადვილი არ იქნება, რთული მატჩი იქნება. მაგრამ თავს კარგად ვგრძნობთ, ნამდვილად მზად ვართ“.

- როგორ შეგვიძლია აშრაფ ჰაკიმის არყოფნის კომპენსირება?

„აშრაფის ჩანაცვლება რთულია. ის გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. იმსახურებდა წლის აფრიკელი ფეხბურთელის ჯილდოს მოგებას, ვულოცავ მას. მწვრთნელმა მის გარეშე სხვადასხვა გამოსავალი სცადა. ვფიქრობ, ის მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა, გვჭირდება და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დაბრუნდება“.

- როგორ შეაფასებთ პარიზელი ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციას ამ სეზონში?

„ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოუდგენლები არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ. ზოგჯერ ვერც ხვდები, რომ მხოლოდ 16 ან 17 წლის არიან. მათ სწავლის ისეთი დიდი სურვილი აქვთ, ეს ფანტასტიკურია. „პსჟ“-ს შესანიშნავი აკადემია აქვს. ეს მოთამაშეები სრულად მზად არიან პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ და თუ მუშაობას ასე გააგრძელებენ, მომავლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის იქნებიან“.

- რა ისწავლეთ ფრანგული ფეხბურთის შესახებ აქ ჩამოსვლის შემდეგ?

„ფრანგული ფეხბურთის შესახებ უკვე ვიცოდი. ხალხი ამბობდა, რომ ადვილი იყო, მაგრამ უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. ისინი ძლიერად და სწრაფად თამაშობენ. ყველას უნდა ჩვენი დამარცხება. ამ ლიგაში, რომელიც ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგას შორის არის, გამარჯვება ადვილი არ არის“.

- თქვენ თითქოს თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ მარცხენა ფლანგზე, ვიდრე მარჯვენაზე, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

„ყველამ იცის, რომ მარცხნივ თამაში მომწონს. მაგრამ ფეხბურთში ადაპტირება უნდა შეგეძლოს, მრავალმხრივი უნდა იყო. ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კარიერის უმეტესი ნაწილი მარცხნივ თამაშში გავატარე. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მარჯვნივ ისეთივე კარგი ვიქნები, როგორიც მარცხნივ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „ტოტენჰემის“ მატჩი ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები