ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„შიშის მომენტი ბევრჯერ მქონია, მაგრამ...“ - თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Youtube-არხ Charlas Adictivas-სთან სტუმრობისას განვლილ კარიერაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ილია თოფურიას ინტერვიუ:

სიმართლე გითხრათ, თავს დალოცვილად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა ვარ და ყველა იმ გამოცდილებისთვის, რომლის გამოვლაც მიწევს. მართალია, ამ ყველაფერს წინასწარ წარმოვიდგენდი ხოლმე — ხშირად მეკითხებიან კიდეც, თუ გქონდა ეს წარმოდგენილიო — მაგრამ ასეთ სიღრმეებს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი; ვერც იმას, რომ ამ ყველაფერს ასე დეტალურად განვიცდიდი.

მგონია, რომ ცხოვრებაში ხანდახან გვაქვს გარკვეული სცენარები, მაგრამ მერე ჩნდება „ტოტები“, რომლებსაც სიურპრიზის ფაქტორი შემოაქვთ და სწორედ ეს არის ცხოვრების ყველაზე გასართობი და საინტერესო მომენტები. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გამოვიარე. მქონია ქარიშხლიანი პერიოდებიც და დიდების წუთებიც; წარმატებაც, აღმასვლაც და დაღმასვლაც, მაგრამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რადგან საბოლოოდ ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, ვინც დღეს ვარ.

რეალურად, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე და ჩემი ძმა ესპანეთში ჩამოვედით, რადგან ჩვენი მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. ამასაც თავისი წინაპირობა და ისტორია აქვს, თუ როგორ ჩამოვედით და მანამდე რა ხდებოდა. მოკლედ, როცა აქ ჩამოვედით და სპორტში პირველი ნაბიჯები გადავდგით, ჩვენ მოკრძალებული ოჯახიდან ვიყავით — სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური კავშირები არასდროს გვაკლდა, თუმცა ეკონომიკური რესურსები საკმაოდ მწირი გვქონდა.

ამიტომ, რისი გაკეთებაც არ უნდა მოგვენდომებინა ცხოვრებაში, თავადვე უნდა გვემუშავა ამისთვის. მუშაობა ალიკანტეს სანაპიროზე დავიწყეთ, შეზლონგებს დავათრევდით. მე და ჩემი ძმა სულ ვვარჯიშობდით და ვასპარეზობდით, სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში შეჯიბრებებზე წასასვლელად კი ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდებოდა. ამიტომ, ერთდროულად ვმუშაობდით და ვვარჯიშობდით კიდეც, თანაც თითქმის პროფესიონალურ დონეზე — როცა უმაღლესი რანგის ტურნირებზე გამოდიხარ, მაქსიმუმი უნდა აჩვენო და პარალელურად მუშაობაც გიწევს.

ეს რთული იყო, მაგრამ ამავე დროს — ძალიან აზარტული. მჯერა, რომ ცხოვრებაში გამოცდები და გამოწვევები იმიტომ გვეძლევა, რომ გამოჩნდეს, ადამიანთა რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით. როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ისინი, ვინც ელოდებიან, რომ რაღაც მოხდეს და ისინი, ვინც თავად აიძულებენ მოვლენებს, რომ მოხდეს. მე ყოველთვის ვცდილობდი, ძალისხმევა არ დამეშურებინა, რათა მცოდნოდა, საით მივმართავდი ჩემს ცხოვრებას.

ცხოვრებაში გჭირდება ეს ქარიშხლიანი მომენტები, რათა რეალურად შეძლო საკუთარი მაქსიმალური პოტენციალის განვითარება. იმიტომ, რომ თუ სულ მზიან დღეებში ცხოვრობ, მგონია, რომ არ გიწევს ისეთ სიტუაციებთან შეჯახება, რომლებიც შენგან ნამდვილ სიმამაცესა და ვაჟკაცობას მოითხოვს — უბრალოდ არ გამოიცდები. და თუ ყველაფერი ია-ვარდითაა მოფენილი, ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა იწვალო? ამიტომ, როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე რთული მომენტი ან „ქარიშხალი“ ჩნდება, მას ყოველთვის ვიღებ როგორც გაკვეთილს; როგორც რაღაცას, რაც უკეთესს გამხდის — და ყოველთვის ასე ხდება.

ილია თოფურია

როცა რვა-ცხრა წლის ხარ, შენი გმირები სწორედ მშობლები არიან და იმ დროს, მათი ფიზიკურად შენს გვერდით არყოფნა ცოტა რთულია. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი ომს ემთხვევა — მომენტს, როცა ნებისმიერი ადამიანი ყველაზე დაუცველია, რადგან ირგვლივ სრული ქაოსია. არ არის პური, არ არის წყალი, ქუჩებში უბედურებაა, ყველას ეშინია... და ასეთ დროს შენი „გმირების“ გვერდით არყოლა მძიმეა, თუმცა ეს ის მომენტია, რომელიც გაიძულებს დროზე ადრე მომწიფდე. დარწმუნებული ვარ, იმ გამოვლილმა დღეებმა მოგვცა ის ცოდნა და სიმწიფე, რაც მომავალში დამეხმარა სირთულეებთან გამკლავებასა და ცხოვრების სულ სხვა თვალით დანახვაში; მომცა ის გამოცდილება, რომელიც სხვაგვარად არ მექნებოდა.

დღის ბოლოს კი, ყოველთვის რეალისტი ვიყავი საკუთარ თავთან — ვიცოდი, რომ ვინმეს ჩემით დაინტერესება რომ მოენდომებინა, სხვებისგან უნდა გამოვრჩენილიყავი. გამოსარჩევად კი უზარმაზარი შრომა იყო საჭირო. დღითი დღე ვხვეწდი ჩემს უნარებსა და ცოდნას, რათა ვინმეს შანსი სწორედ ჩემთვის მოეცა და არა სხვა თანაგუნდელისთვის. მე და ჩემს ძმას სხვებისგან სწორედ ეს შეუპოვრობა, დისციპლინა და მუდმივი განვითარების წყურვილი გამოგვარჩევდა. ჩვენს ბავშვობაში ვინც კი ჩვენს გარშემო იყო, რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ განსაკუთრებული არაფერი მქონდა.

ახლა კი, მართალია, მეუბნებიან — „კი, შენ ყოველთვის განსაკუთრებული იყავიო“, მაგრამ ამას სულ სხვანაირად განვიცდიდი. თავს განსაკუთრებულად არასდროს ვგრძნობდი. ათი ბავშვისთვის რომ შეგეხედათ, მე მეექვსე ან მეშვიდე ვიყავი, ის, ვისაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ზოგიერთი მხოლოდ ნიჭს სჯერდებოდა, ზოგი კი რამდენიმე შეჯიბრის მოგებით კმაყოფილდებოდა და ძალისხმევას აღარ დებდა. მე კი ეს მინდოდა და ყოველდღე, დაუღალავად ვშრომობდი. ჩემი ფოკუსი მიმართული იყო იმ „ანბანის“ დახვეწაზე, რომელიც ჩემს სპორტშია საჭირო. მე ყოველთვის ვამბობ: თუ გსურს სპორტში წარმატებას მიაღწიო, იქ შენი ანბანია; თუ ფულის შოვნა გინდა — იქაც თავისი ანბანია; რასაც არ უნდა მიჰყო ხელი, ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს. ჯერ ეს ანბანი უნდა ისწავლო სრულყოფილად, მერე იწყებ სიტყვების შედგენას, შემდეგ ფრაზების და ბოლოს მთლიანი წინადადებების. სპორტშიც ასე დამემართა — სულ ტექნიკის გაუმჯობესებაზე ვიყავი ორიენტირებული, სანამ არ დადგა დღე, როცა გამოვირჩეოდი.

ჩემს სპორტშიც და საერთოდ ცხოვრებაშიც, ყველაზე რთული კუნთების ტკივილი ან ფიზიკური დაღლილობა კი არაა, არამედ ის უმოტივაციობაა, გზად რომ გეუფლება. ეს არის გაურკვევლობა — როცა არ იცი, სწორ გზაზე ხარ თუ არა, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა... შიგნიდან უამრავი ხმა და ეჭვი გიტევს: „ნეტავ მართლა ეს უნდა ვაკეთო?“. აი, ამ დროს საკუთარ თავში იმ ნაპერწკლის პოვნა და ბრმა რწმენაა ყველაზე ძნელი. და კიდევ ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობ, მაინც გამოცხადდე იქ, სადაც საჭიროა.

შენ უნდა გამოჩნდე. როცა დარბაზში ყოველდღე მიდიხარ — იმის მიუხედავად, წვიმს, ქარიშხალია, მოტივაცია არ გაქვს თუ რამე გტკივა — აი, ეს ქმნის საბოლოოდ განსხვავებას. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ უსაქმური გონება ყოველთვის იზიდავს მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებს. მე სულ ვცდილობ, მუდმივად დაკავებული ვიყო — ვარჯიშით, კითხვით თუ ნებისმიერი სხვა აქტივობით. არ მინდა უბრალოდ ვიჯდე, მოვიწყინო და სევდამ მომიცვას, რადგან ასეთ დროს ჩნდება მოთხოვნილება, ეს სიცარიელე რაღაცით შეავსო, დოფამინის სწრაფი „დოზა“ მიიღო, რომ თავი ცოტა ხნით კარგად იგრძნო. უმეტესობას სწორედ ეს ემართება, რადგან მათ ცხოვრებაში ემოცია აკლიათ. შეუძლებელია გქონდეს ნამდვილი ემოცია, თუ მანამდე ძალისხმევას არ გაიღებ, რათა შემდეგ მართლაც ემოციებით სავსე ცხოვრებით იცხოვრო.

ახლა ემოციებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ, სადაც საოცარი ამბები არ წყდება, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა და ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს კვლავაც შრომა მიწევს. თუ რამე გინდა, ის გარკვეულ ფასად გიჯდება. ვფიქრობ, ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები აქვს; ჩვენს დროსაც, როცა შეიძლება ეკრანები არ იყო, სხვა სახის ცდუნებები არსებობდა. ცდუნებები ყოველთვის იქნება და მიზეზებსა თუ თავის მართლებას ადამიანი არასდროს გამოლევს — ესენი მუდამ იარსებებს. თუმცა, ის ადამიანი, ვისაც ნამდვილად სურს განსხვავებულ შედეგებს მიაღწიოს და ღირებული წვლილი შეიტანოს საზოგადოებასა თუ გარემოცვაში, საკუთარ თავში ისეთ სიმამაცესა და ვაჟკაცობას იპოვის, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.

რწმენა — ამას მუდმივად ვიმეორებ, რადგან ერთხელ მითხრეს და გონებაში ჩამებეჭდა: რწმენასა და შიშს ბევრი საერთო აქვთ. ის, რაც გაშინებს, რწმენას გაშორებს, ხოლო ის, რისიც ნამდვილად გწამს და რასაც ეჭიდები, შიშს გაგიქარწყლებს. ამიტომ ვამბობ, რომ რწმენაც და შიშიც მოითხოვს, გჯეროდეს იმის, რაც არასდროს გინახავს. არჩევანი კი შენზეა: გინდა აირჩიო ის, რაც შენს პოტენციალს ასუსტებს, თუ ის, რაც მას ზრდის?

ყოველდღე ვირჩევ ისეთ ფიქრებს, რომლებიც თავს ბედნიერად და ძლიერად მაგრძნობინებს; რომლებიც მაძლევს იმედს, რომ შემიძლია, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. და თუ რამეს ვერ შევძლებ, აუცილებლად ვიპოვი საჭირო დახმარებას, რათა საქმე საუკეთესოდ გავაკეთო. და რა თქმა უნდა, არასდროს ავაშენებ საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე — ამ ფორმულას არავისგან მივიღებ.

ჩემი ძმა... მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან ძალიან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. ის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი და გადამწყვეტი მომენტი დგება, მაშინ ვხვდები რეალურად, რამხელა როლს ასრულებს ის ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ის ჩემთვის ყველაფერია... მისგან უამრავი რამ ვისწავლე და, არ ვიცი, ის ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა იყო. როცა კი რაიმე პრობლემა მქონია, პირველი, ვისთანაც დამირეკავს, ყოველთვის ჩემი ძმა იყო.

ილია და ალექსანდრე თოფურიები

რას ვეტყოდი 14 წლის ილიას? სიმართლე გითხრათ, ბევრს ვერაფერს ვეტყოდი, რადგან სწორედ იმ 14 წლის ილიამ მომიყვანა აქამდე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის, სადაც დღეს ვართ, ჩვენი წარსული ფიქრებისა და მოქმედებების ანარეკლია — ვფიქრობ, იმ 14 წლის ბიჭმა სწორად იფიქრა და სწორი ნაბიჯებიც გადადგა. ერთადერთი, რასაც ალბათ ვეტყოდი, ისაა, რომ ზოგიერთ მომენტში იმაზე მეტად ვინერვიულე, ვიდრე საჭირო იყო; იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე იმსახურებდა. საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ზედმეტად არ ეშფოთა, თითოეული გამოცდილებით ესიამოვნა და სცოდნოდა, რომ ყველაფერი გაივლის. დიახ, ყველაფერი გაივლის. ეს დიდი გზავნილია.

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით, იქაურ სკოლაში ვსწავლობდით და ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურას იცნობს, იცის, რომ იქ ცხოვრება რთულია. სკოლაში ბავშვებს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირად გიწევს საკუთარი თავის დაცვა და როცა პატარა ხარ, არც ისე მარტივია იმის გარკვევა, რა არის სწორი და რა — არა, როგორ დაიცვა თავი ან ვის მიმართო დახმარებისთვის.

პატარაობიდანვე ისეთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც ქუჩური გარჩევები და დაპირისპირებები არასდროს უყვარდა. სპორტი მიტაცებდა. ბევრმა შეიძლება იფიქროს ჩემზე — იმ სტერეოტიპიდან გამომდინარე, რომ შერეულ ორთაბრძოლებს მივდევ — თითქოს აგრესიული ვიყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არასდროს მიყვარდა ქუჩაში ვინმესთან დაპირისპირება, სპორტული გარემოს მიღმა. თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან მაინც გიწევდა ასეთ სიტუაციებთან გამკლავება და, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა.

შიშს ნამდვილად ვგრძნობდი. სკოლის დასვენებაზე გადიოდი და უფროსებს შენთვის ფულის წართმევა უნდოდათ, ან რამეს იყიდდი და დაგცინოდნენ... ყველას ხომ გვყავს კლასში ვიღაც, ვინც მოგვწონს და ასეთი მომენტები თავს არასრულფასოვნად გაგრძნობინებს. შენს სამყაროში სევდა ისადგურებს და საკუთარ თავზე წარმოდგენა გეცვლება — გგონია, რომ სუსტი ხარ, რომ სიმამაცე არ გყოფნის... სანამ ლაპარაკს არ დაიწყებ.

ბევრს ვსაუბრობდი ამაზე. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ არასდროს შემშინებია საკუთარი სისუსტეების გაზიარება უახლოესი და სანდო ადამიანებისთვის. ისინი კი, საბოლოოდ, ძალას მაძლევდნენ და ამ სისუსტეების გამოსწორებაში მეხმარებოდნენ. მჯერა, რომ არის მომენტები, როცა პასუხები თავად არ გვაქვს — ასეთ დროს უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გავუზიაროთ სხვებს. სწორედ გაზიარებაშია განვითარების სილამაზე.

ჩვენთვის ეს არავის უსწავლებია. ყველას გვჭირდება ვინმე, ვინც გამამხნევებელ სიტყვას გვეტყვის. ოღონდ არ ვიცი, რატომაა დღევანდელ საზოგადოებაშიც და ადრეც ასე — თითქოს დახმარების თხოვნა სისუსტეა და სიმამაცეში არ ჯდება. მე კი ვამბობ, რომ პირიქითაა. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის, როცა რამე მჭირდებოდა, დახმარებას ვითხოვდი.

მჯერა, რომ მეორე შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ უფრო მეტად იმისი მჯერა, რომ როცა ადამიანს მართლა სურს შეცვლა და თავისი ცხოვრებისთვის სხვა გეზის მიცემა, ის გადაწყვეტილებას მყისიერად იღებს და არ ელოდება რაღაც „ჯადოსნურ ორშაბათს“. თუ რამე მართლა გინდა, შენი „ორშაბათი“ სწორედ ახლაა. არა ისე — „დღეს დავლევ, მოვწევ, ვჭამ და ხვალიდან დავიწყებო“, არა. თუ ეს გზავნილი მიიღე, მუშაობა იწყება ახლავე, ამ წამიდან. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ყველა იმ სიამოვნებაზე უარის თქმაში უნდა გაატარო, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.

ცხოვრებით უნდა ისიამოვნო, მაგრამ შენი გადაწყვეტილებების ბატონ-პატრონი თავად უნდა იყო. არ უნდა მისცე ემოციებსა და ფიქრებს უფლება, რომ შენს ნაცვლად მცდარი ნაბიჯები გადადგან. შენ თავად უნდა მართავდე ამას. მეც გავსულვარ მეგობრებთან ერთად, დამილევია ჩემი ერთი-ორი ჭიქა ღვინო, მაგრამ ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა ამის გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე. და არა ისე, რომ შიგნიდან რაღაც ცდუნება ან „ცეცხლი“ მაიძულებდა და არასწორი გზით მივყავდი. ასეთ შემთხვევაში ამით ვერც ვისიამოვნებდი — მეორე დღეს სინანული შემიპყრობდა, ვიგრძნობდი, რომ ის არ გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა; ვიგრძნობდი, რომ საკუთარ ბუნებასა და ღირებულებებს ვუღალატე. ეს კი ჩემს წარმოდგენას საკუთარ თავზე ნელ-ნელა დააკნინებდა.

ილია თოფურია

ყველაზე დიდ დროს საკუთარ თავთან ვატარებ. ადამიანი, რომელიც ყველაზე ძლიერი და მტკიცე მჭირდება გვერდით, სწორედ ჩემი თავია. მჭირდება, რომ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა მქონდეს. ამისთვის კი აუცილებელია, საკუთარი სიტყვა დავიცვა — ჩემს სიტყვას ჩემთვისვე უნდა ჰქონდეს ფასი.

ადამიანები მხოლოდ ჩემს სახეს ხედავენ, ღმერთი კი ჩემს გულს ხედავს. ამიტომ, გულით უნდა ვიცოდე, რომ ყველა სიკეთეს ვიმსახურებ, რასაც ახლა განვიცდი. პატივი უნდა ვცე ჩემს სიტყვას, ჩემს არსებას, ჩემს სულსა და ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს. ყველაფერი იწყება შენგან, ყველაფერი.

გადაწყვეტილების სიმტკიცე — თუ რამე არ გამოგდის, გჯეროდეს, რომ გამოგივა. გაიმეორე, გაიმეორე და კიდევ გაიმეორე, სანამ ხელებზე მაზოლები არ დაგაჯდება და ნახავ, რომ ბოლოს ისეთ მელოდიას დაუკრავ, რომელიც ბევრს გააკვირვებს. მთავარია, ეს სიმტკიცე არ დაკარგო.

და ბოლოს, ვინ არის გამარჯვებული? გამარჯვებული არის ადამიანი, რომელიც ბევრჯერ დამარცხდა, მაგრამ არასდროს დანებებულა. მეც განმიცდია მარცხი კარიერის დასაწყისში, როცა სამოყვარულო დონეზე ვასპარეზობდი. მადლობა ღმერთს, პროფესიონალურ დონეზე ეს მარცხი არასდროს მიგვიწვნია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე გაგრძელდეს. მქონია მომენტები, როცა ვგრძნობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო — სწორედ მაშინ განვიცდიდი მარცხს ყველაზე მტკივნეულად. შემეძლო მანამდე მეტი ძალისხმევა ჩამედო, უფრო მეტი მევარჯიშა, უკეთესი ფოკუსი მქონოდა და ასე შემდეგ.

ეს მარცხიც რეალურად იმის ნაყოფია, რაც მანამდე გამიკეთებია. ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა უზარმაზარი ენერგია ჩამიდია, ბოლომდე დავხარჯულვარ, მაგრამ მაინც არ გამომსვლია. თუმცა, ცხოვრებას მერე ყოველთვის ისეთ გზებზე დავუყენებივარ, რომ როცა უკან მოვიხედავდი, ვამბობდი: „მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა“, რადგან ვხედავდი, რაოდენ დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს რომ არ მომხდარიყო, იმ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებდი, რაც შემდეგ მივიღე.

ამიტომაც, ყოველთვის ვენდობი ღვთის გეგმებს. მუდამ, ყოველთვის. ერთადერთი, რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებ, არის ის, რომ როცა რაიმეს მიღწევის შანსი მეძლევა, გულში მყარად ვიცი — ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ხელთ იყო.

და როცა ამას აკეთებ, შეუძლებელია მარცხი იგრძნო. ასეთ დროს თავს დამარცხებულად არასდროს ვიგრძნობდი. პირიქით — ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფრის მიღმა რაღაც იმალება, რაც მომავალში უკან მომახედებს და მათქმევინებს: „კარგია, რომ ასე მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 13 ივნისს, თეთრ სახლში გამართავს. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში დროებით ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია UFC Seattle-ზე: ჯო პაიფერმა ადესანია დაანოკაუტა
სენსაცია UFC Seattle-ზე: ჯო პაიფერმა ადესანია დაანოკაუტა