იამალი: სტადიონზე რელიგიის ხუმრობის საგნად გამოყენება მიუღებელია
ლამინ იამალმა ესპანეთისა და ეგვიპტის ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე (0:0) გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე ისაუბრა.
თამაში ბარსელონაში ჩატარდა, „ესპანიოლის“ საშინაო არენა „ელ პრატზე“, სადაც დაახლოებით მე-20 წუთზე ქომაგების ნაწილმა სკანდირება დაიწყო: „ვინც არ ხტუნავს, ის მუსლიმია“. სტადიონზე მყოფი მაყურებლის ნაწილმა ამ შეძახილზე ხტუნვა დაიწყო.
„მე მუსლიმი ვარ, ალჰამ დუ ლილაჰ (დიდება ალაჰს). გუშინ სტადიონზე ისმოდა შეძახილები: „ვინც არ ხტუნავს, ის მუსლიმია“. ვიცი, რომ ეს მეტოქე გუნდისკენ იყო მიმართული და არა ჩემს წინააღმდეგ პერსონალურად, თუმცა ჩემთვის, როგორც მუსლიმისთვის, ეს მაინც უპატივცემულობის გამოვლინება და დაუშვებელი საქციელია.
მესმის, რომ ყველა ქომაგი ასეთი არ არის, მაგრამ მივმართავ მათ, ვინც ამას სკანდირებს: სტადიონზე რელიგიის ხუმრობის საგნად გამოყენება თქვენ უმეცარ და რასისტ ადამიანებად წარმოგაჩენთ. ფეხბურთზე სიამოვნება უნდა მიიღოთ და გუნდს დაუჭიროთ მხარი და არა უპატივცემულობა გამოხატოთ ადამიანების მიმართ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი ან რა სწამთ.
მიუხედავად ამისა, მადლობა ყველას, ვინც მხარდასაჭერად მოვიდა. შევხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე“,
– დაწერა იამალმა ინსტაგრამზე.
View this post on Instagram