„ელ პატო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემთან ჩხუბს თავი აარიდოს“ | ცარუკიანი ილიაზე
ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის დაპირისპირება გრძელდება. ABC-ის ჟურნალისტთან, ალვარო კოლმენეროსთან საუბრისას „ელ მატადორმა“ საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პედი პიმბლეტთან ჩხუბი სურს.
„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, პიმბლეტთან ვიჩხუბებდი. თუ ქვესაშუალო წონაში ასვლის ნებას არ მომცემენ, პედისთან ჩხუბი მინდა“, - თქვა ილიამ და მის სიტყვებს ცარუკიანი გამოეხმაურა. არმანმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:
„კიდევ უფრო აშკარა შეიძლება იყოს, რომ „ელ პატო“ (იხვი ესპანურად) ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ჩემთან ჩხუბს თავი აარიდოს?“
Could it be any more obvious that el pato is doing everything in his power to avoid fighting me? https://t.co/200p7ahsLX
— Arman Tsarukyan UFC (@ArmanUfc) November 25, 2025
ცნობისთვის, MMA-ის სამყაროში „იხვს“ უწოდებენ მებრძოლს, რომელიც კონკრეტულ მეტოქეს გაურბის და მასთან ჩხუბს თავს არიდებს. ცარუკიანისა და ჰუკერის ჩხუბის შემდეგ, ილიამ არმანს უწოდა „იხვი“ და სომეხმა პასუხი კიდევ ერთხელ დაუბრუნა.