ალონსოსთან რთული ურთიერთობის გამო, ვინისიუსს კონტრაქტის გაგრძელება არ სურს - The Athletic
მადრიდის „რეალის“ ვინგერი, ვინისიუს ჟუნიორი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის მიზეზი მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობაში პრობლემებია.
როგორც The Athletic-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ოქტომბრის ბოლოს, 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს აცნობა, რომ არ სურს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება, სანამ მისი ურთიერთობა ჩაბი ალონსოსთან დაძაბული და რთული რჩება.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელს კლასიკოში „ბარსელონასთან“ (2:1) მატჩში შეცვლაზე ემოციური რეაქცია ჰქონდა. ვინგერმა ალონსოს ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში შევიდა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა.
ვინისიუსი პერესთან შეხვედრაზე მივიდა, რათა თავისი საქციელისთვის ბოდიში მოეხადა. იქ ასევე განიხილეს მოთამაშის მომავალი, რომელმაც ნათლად გამოხატა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას ალონსოსთან ურთიერთობის გამო, საუკეთესო ვარიანტად არ მიიჩნევს. მას შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა.
ბრაზილიელთან დაახლოებული წყაროები არაერთხელ უყვებოდნენ The Athletic-ს მისი შეშფოთების შესახებ ალონსოსთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში წასული კარლო ანჩელოტის ნაცვლად დაინიშნა.
ახალი სეზონის პირველი სამი თვის განმავლობაში დაძაბულობა მხოლოდ გაიზარდა. ახლა ეს არის ყოველდღიური განხილვის თემაა როგორც კლუბის შიგნით, ისე მის გარეთ.
მიიჩნევა, რომ მოთამაშესა და ჩაბის შორის დაძაბულობას სათავე „პარი სენ-ჟერმენთან“ (0:4) მატჩმა დაუდო. ალონსო მაშინ ვინისიუსის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას გეგმავდა, მაგრამ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმამ აიძულა გეგმა შეეცვალა და ბრაზილიელი მაინც მოხვდა სასტარტოში, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე და არა მის საყვარელ მარცხენაზე.
როგორც გამოცემა წერს, ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ალონსო უსამართლოა მის მიმართ. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში კლასიკოს შემდეგ ბოდიშის პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მწვრთნელი არ უხსენებია.
ბრაზილიელთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს განზრახული ნაბიჯი იყო. ამან კლუბში საყოველთაო გაოცება გამოიწვია, მათ შორის მწვრთნელებშიც, რადგან ალონსო იმყოფებოდა იქ, როცა ფეხბურთელმა გუნდს პირადად მოუხადა ბოდიში „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე.
ალონსო არაერთხელ ისაუბრა ვინისიუსთან ურთიერთობაზე პრესკონფერენციებზე. ის ხაზს უსვამდა, რომ მათ შორის არ არის პირადი კონფლიქტი და რომ შემადგენლობის როტაცია გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსის მოქმედი კონტრაქტი „ბლანკოსთან“ 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. მოლაპარაკებები მის გაგრძელებაზე იანვარში დაიწყო, მაგრამ ჩიხში შევიდა მხარეების შეთანხმების მიუღწევლობის გამო.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.