სატრანსფერო ბომბი? - რეალი ჰოლანდის სიტუაციას აკვირდება
მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთი ხმაურიანი გარიგების შესაძლებლობას აკვირდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ესპანური გრანდი ყურადღებით ადევნებს თვალს ერლინგ ჰოლანდის მდგომარეობას მანჩესტერ სიტიში და საჭირო შემთხვევაში მისი დამატების მცდელობას გაააქტიურებს.
The Sun-ის ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის სწრაფად იმოქმედოს, თუ ნორვეგიელი თავდამსხმელი ინგლისური გუნდის დატოვების სურვილს გამოხატავს.
ინტერესს დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ „სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი პეპ გუარდიოლამ დატოვა.
სწორედ ეს გარემოება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ნორვეგიელის მომავლის განსაზღვრაში, რადგან არსებული ცნობებით, ფეხბურთელს კლუბში საკუთარი როლით გარკვეული უკმაყოფილება ჯერ კიდევ პეპის პერიოდში ჰქონდა.
თუმცა, ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. ჰოლანდმა 2025 წლის იანვარში „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2034 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, რაც ინგლისურ კლუბს მოლაპარაკებებში უკიდურესად ძლიერ პოზიციაში აყენებს.
მიუხედავად ამისა, ესპანურ საფეხბურთო წრეებში მიიჩნევენ, რომ მწვრთნელის ცვლილებამ შესაძლოა ფეხბურთელის გეგმებზე გავლენა მოახდინოს. თუ ერლინგი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას გადაწყვეტს, „რეალი“ მზად იქნება მას კონკურენტული ფინანსური პირობები და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტში მონაწილეობა შესთავაზოს.