UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა | რა შეიცვალა ტოპ 15-ში?
კატარის დედაქალაქ დოჰაში UFC Fight Night-ის შემდეგ ორგანიზაციის pound-for-pound რეიტინგი განახლდა. გასულ უქმეებზე არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერი დაამარცხა, იან მაჩადო გერიმ კი მსაჯთა გადაწყვეტილებით ყოფილ ჩემპიონის, ბელალ მუჰამედს მოუგო.
მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგებში არაფერი შეცვლილა, P4P რეიტინგში კი ცარუკიანი მეთოთხმეტედან მეცამეტე პოზიციაზე გადავიდა, მეთოთხმეტეზე ჩარლზ ოლივეირა აღზევდა, ბელალ მუჰამედი კი 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-15 ადგილზეა. ჯეკ დელა მადალენა ასევე ორი პოზიციით, მე-11 ადგილზე დაქვეითდა, მას დრიკუს დუ პლესიმ (9) და მაქს ჰოლოუეიმ (10) გადაუსწრეს. P4P რეიტინგის სათავეში კვლავ ისლამ მახაჩევია, ილია თოფურია მეორეა, მერაბ დვალიშვილი - მესამე, ხამზატ ჩიმაევი - მეოთხე, ალეშანდრე პანტოჟა კი მეხუთე.
ქვესაშუალო წონაში მაჩადო გერიმ 4 პოზიციით წაიწია წინ და ახლა მეორე ადგილზეა და მხოლოდ ექსჩემპიონ, ჯეკ დელა მადალენას ჩამორჩება. მესამე შავკატ რახმონოვია (+1), მეოთხე მაიკლ მორალესი (-1), მეხუთე ბელალ მუჰამედი (-3), მეექვსე კი კარლოს პრატესი (-1).
ერთი ცვლილებაა მძიმე წონის რეიტინგში: ვალდო კორტეს აკოსტამ ჟაილტონ ალმეიდას გადაასწრო და მძიმეწონოსნების საუკეთესო ხუთეულში შევიდა.