„მახაჩევი ძალიან მოსაწყენია, მე კი ხალხს სანახაობას ვთავაზობ“ - ილია თოფურია
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ABC-ს ჟურნალისტ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში ქვესაშუალო წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
„ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა, მაგრამ, მართალი გითხრათ, მისი გამოსვლით იმედგაცრუებული დავრჩი. იმავეს თქმა შემიძლია წინა ჩემპიონზე - ჯეკ დელა მადალენაზე. მან საერთოდ ვერ გაუწია ისლამს წინააღმდეგობა, თითქოს საერთოდ არ სურდა ჩხუბი. მაშინაც კი, როდესაც შენი მეტოქე დომინირებს, შეგიძლია, მებრძოლის სულისკვეთება აჩვენო, რაც ჯეკის შემთხვევაში ვერ დავინახე.
ისლამმა თავისი საქმე გააკეთა, როგორც ყოველთვის: ის ძალიან მოსაწყენად ჩხუბობს და საერთოდ არ აინტერესებს გულშემატკივრები. მე სხვა მიდგომა მაქვს, ხალხს სანახაობას ვთავაზობ. როდესაც ვიღაც საკუთარ დროსა და ფინანსებს ხარჯავს და ჩემ სანახავად მოდის, მინდა, ისინი კმაყოფილები დარჩნენ.
იმედია, ჩემი და მახაჩევის ჩხუბი შედგება. ეს ტოპბრძოლა იქნება, რომელიც ხალხს ძალიან მოეწონება. სასოწარკვეთილი ისლამი შეეცდება, დომინანტური პოზიცია მოიპოვოს და სული მოითქვას, მე კი ოქტაგონში ცეცხლს დავანთებ და მახაჩევს დავაძინებ. თეთრი სახლი? თუ UFC-ის სურს, რომ იქ ვიჩხუბო, მე თანახმა ვარ. თუ მათ არ სურთ, არც ეს იქნება ჩემთვის პრობლემა - პრომოუშენს საკუთარი ინტერესები აქვს“.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევისა და დელა მადალენას ჩხუბი 15 ნოემბერს გაიმართა - რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ქამრის დატოვების შემდეგ ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ მახაჩევი მსუბუქ წონაში დაბრუნებისგან თავს იკავებს და ამის გაკეთებას მხოლოდ ძალიან სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში გეგმავს. მისივე თქმით, მომდევნო მეტოქის ვინაობას UFC ორ კვირაში გააგებინებს.