ლუის ენრიკეს ახალი შემტევი ტრიო | Le Parisien-ი ტოტენჰემთან მატჩზე წერს
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელის. ლუის ენრიკეს გუნდი ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „პარკ დე პრენსზე“ იასპარეზებს და „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩში პსჟ-ს საკადრო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება.
ლონდონელებთან გუნდს დეზირე დუე ვერ დაეხმარება, უსმან დემბელეს თამაში კი საეჭვოა. Le Parisien-ის ინფორმაციით, ენრიკე აპირებს, ძირითად შემადგენლობაში ახალი შემტევი ტრიო დააყენოს, რომელიც კვარაცხელიასგან, კანგ-ინ ლისგან და ბრედლი ბარკოლასგან შედგება.
„ლუის ენრიკეს მკაფიო იდეა აქვს და დააყენებს კვარა–ლი–ბარკოლას ტრიოს, რომელიც ბოლო კვირებში აღმაფრთოვანებლად გამოიყურება,“ – წერს ფრანგული გამოცემა. თუმცა ასევე დასძენს, რომ არის შანსი, ლის ნაცვლად სასტარტოში მაიულუმ მიიღოს ადგილი.
Le Parisien-ის სავარაუდო შემადგენლობა: ლუკას შევალიე, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, ნუნუ მენდეში, უორენ ზაირ ემერი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ფაბიან რუისი, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია, მაიულუ (ან ლი).
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „ტოტენჰემის“ ანგარიშზე 8 ქულაა და ჯერჯერობით ტომას ფრანკის გუნდი დაუმარცხებელია.