ცინცინატის ფეხბურთელმა მესის მაისური გაუცვალა და გააკრიტიკეს | „სამარცხვინოა, რაც გააკეთა“
MLS-ის პლეიოფში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ „ცინცინატი“ 4:0 გაანადგურა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეხვედრის შემდეგ „ცინცინატის“ მცველი, თინეიჯ ჰადებე, მესისთან მივიდა და მაისურის გაცვლა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ჰადებეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც ჰადებე გააკრიტიკა, ყოფილი კანადელი ფეხბურთელი კეილინ კაილი გახლავთ.
„ეს ყველაზე იმედგამაცრუებელი რამაა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ცინცინატი მოედანზე გავიდა და ლიონელ მესის დანახვამ გააოცა. მესმის, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა ტურნირი აქვს მოგებული, მაგრამ ასე არ შეიძლება.
ჰადებე მასთან მივიდა და მატჩის შემდეგ, რომელიც 0:4 წააგო, მაისური სთხოვა. ამის გამო, უნდა რცხვენოდეს. კონფერენციის ნახევარფინალში 0:4 გაგანადგურეს და მაისურს ითხოვ? მესმის, რომ მესის მაისური გინდა, მაგრამ ეს მოედანზე არ გააკეთო. კამერებს მიღმა სთხოვე მაისური. სამარცხვინოა, რაც გააკეთა.“
ცნობისთვის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ინტერ მაიამი“ „ნიუ იორკ სიტის“ დაუპირისპირდება. მატჩი 30 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 01:00-ზე დაიწყება.