„შედეგს ასეთი შრომით მივაღწევთ“ - არველაძის მესამე გამარჯვება
თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში, შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქასიმფაშა“ სტუმრად „ალანიასპორს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
ეს არველაძის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მე-3 მოგებაა. ამასთან, ქართველი სპეციალისტის გუნდმა სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო და სატურნირო ცხრილში ადგილი მცირედით გაიუმჯობესა. საგულისხმოა, რომ „ქასიმფაშა“ მიმდინარე სეზონში სამი გამარჯვება აქვს და სამივე შეხვედრა სტუმრად მოიგო.
„ქასიმფაშა“ თავიდან 1:0 მარცხდებოდა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით წააგო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შოთა არველაძემ თურქულ მედიასთან გავლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა არველაძემ:
„მესამე გასვლითი მატჩი მოვიგეთ. ვეცადეთ თამაშის სცენარი შეგვეცვალა და ეს შევძელით, შესანიშნავი გოლები გავიტანეთ, ამისთვის კი დიდი შრომა მოგვიწია. ამან ჩვენი სული აამაღლა. გვსურს, დარჩენილ მატჩებშიც იგივე გავაკეთოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ. ამას დიდი შრომით მივაღწევთ.“
13 ტურის შემდეგ, „ქასიმფაშა“ 3 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი აქვს. არველაძის გუნდმა სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზე იმყოფება. „ქასიმფაშა“ მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ გამართავს.