„ცოტას ვაწვალებ და შემდეგ დავაძინებ“ - თოფურია პიმბლეტზე
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ABC-ს ჟურნალისტ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა.
„ამ დროისთვის UFC-ისგან არანაირი კონტრაქტი არ მიმიღია. არაფერი უთქვამთ ჩემი მომდევნო ბრძოლის თაობაზე, შესაბამისად, ჯერ გეგმები უცნობია. რაღაც პროგნოზები მაქვს, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტიცაა, ვისთან მინდა ჩხუბი. ორივე მხარის ინტერესები უნდა დაემთხვეს.
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, პიმბლეტთან ვიჩხუბებდი. თუ ქვესაშუალო წონაში ასვლის ნებას არ მომცემენ, პედისთან ჩხუბი მინდა. თუმცა უფრო მეტად ისლამ მახაჩევთან ჩხუბი მაინტერესებს, რათა მესამე წონაშიც მოვიპოვო საჩემპიონო ქამარი. ვნახოთ, შესაძლოა, კიდევ ერთი ბრძოლა გავმართო, შემდეგ კი ზაფხულში წონის შეცვლა და მესამე ქამრისთვის ბრძოლა შევძლო. შეიძლება, ახალი „P4P ქამარი“ შექმნან, რომლისთვისაც წინასწარ განსაზღვრულ წონაში ვიჩხუბებთ - მსუბუქსა და ქვესაშუალოს შორის. ასე რომ, რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
ჩემსა და პიმბლეტს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს. უშუალო შეხვედრისას ერთმანეთს თბილად ვესალმებით. მესმის, რომ პიმბლეტის მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა მას არ გაუმართლა, რომ მე ვარსებობ და ჯერჯერობით მსუბუქ წონაში ვარ, ამიტომ ეს მისი ოცნება არასოდეს ახდება. რა მოხდება ჩვენს ჩხუბში? ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მოვისურვებ. ყველა ასპექტში მასზე გაცილებით ძლიერი ვარ - როგორც დგომში, ისე პარტერშიც და მენტალურად. ჩემნაირი მეტოქე მას არასოდეს ჰყოლია. დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონში. ვფიქრობ, ცოტა უნდა იწვალოს, შემდეგ კი დაიძინოს. იმედია, მისი ყბა რამდენიმე დარტყმას გაუძლებს, რათა გულშემატკივრებს სანახაობა არ მოაკლდეს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.