ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„სტრატეგიის შეცვლა რამდენჯერმე მომიწია, ეიფორიაში არ ჩავვარდი“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ორგანიზაციაში მეორე გამარჯვების შემდეგ ინტერვიუ ცნობილ ესპანურ გამოცემა ABC-ს მისცა და განვლილი ჩხუბი შეაფასა. El Conquistador-მა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

რა თქვა თოფურიამ:

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ცოტა დავშავდი, რადგან მეტოქე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, განსაკუთრებით დარტყმების ნაწილში, საკმაოდ აგრესიულად მოდიოდა და თავისი სტილი ჰქონდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, გავიმარჯვე და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ.“

„ჩემი სიმშვიდე ალმახანის შეტევის დროს? ვფიქრობ, სპორტის არსი სწორედ ეს არის, პროფესიონალიზმი. სწორედ ამისთვისაა სამი რაუნდი. თუ ვხედავთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, სტრატეგიას ვცვლით. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გარკვეულ მომენტებში მოწინააღმდეგეს ვაჯობებდი. ბრძოლის მიწურულს, კიდევ ორი რაუნდისთვის საკმარისი ენერგია მქონდა, ეს მართლა ასეა. ფსიქოლოგიურად ძალიან მომგებიანია, როდესაც ხედავ, რომ 15 წუთის შემდეგ მოწინააღმდეგე რამდენად იყო დაღლილი, მე კი მზად ვიყავი, რომ შეუჩერებლად წავსულიყავი წინ.“

„ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ვაღიარებ, ბევრმა მითხრა, რომ მისი დარტყმებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, მათ შორის UFC-ის მებრძოლებიც იყვნენ. მინდოდა მისი თამაში მეთამაშა, მეც და ჩემი ძმაც ყოველთვის ასეთები ვიყავით. თუ გვეტყოდნენ, რომ სპორტდარბაზში ძიუდოისტები უნდა ვყოფილიყავით, კიმონოს ჩავიცვამდით და მათ დამარცხებას ვეცდებოდით. თუ რომელიმე მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა ჩვენთან, გვინდოდა საკუთარი თავები მათ წინააღმდეგ გამოგვეცადა. დღეს ვიგრძენი, რომ ბრძოლა ფეხზე უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ კლინჩში შესვლისას მისი დაგდება შემეძლო. მინდოდა, რომ ზეწოლა ფეხზე შემენარჩუნებინა.“

„საკმაოდ სტრატეგიული ბრძოლა იყო, ჭადრაკისავით. ერთი გეგმით ვერ ვიჩხუბებთ, ოქტაგონში მოწინააღმდეგეებსა და მათ კომბინაციებს ვერგებით. მე და ჩემს გუნდს გალიაში სტრატეგიის შეცვლა მოგვიწია, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. კარგი რჩევები მომცეს და შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ.“

„მესამე რაუნდში მის დანოკაუტებასთან ახლოს ვიყავი. ილიასთანაც ახლახან ვისაუბრე ამაზე. დიახ, დანოკაუტება შემეძლო, მაგრამ აჩქარება არ მინდოდა. UFC-ში ჩემი პირველივე ბრძოლიდან გამოჩნდა, რომ ეიფორიაში არ ვვარდები. კი, შემეძლო გავგიჟებულიყავი და მისი დაფინიშება მეცადა, მაგრამ არა, სწორ ადგილას კარგი დარტყმა მივაყენე.“

„სამომავლო გეგმები? დროა, ზრდა გავაგრძელო. არ მიყვარს რაღაცების ვარაუდი. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება ხვალ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ყველაფერს. ყოველთვის ეს იყო ჩემი გზა. არ ვცდილობ ვივარაუდო, რა ხდება დახურულ კარს მიღმა. ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რაც ჩემს წინ არის. მაგალითად, როდესაც შენ აქ ხარ, არ შემიძლია სხვა ჟურნალისტზე ფიქრი, ეს უპატივცემულობა იქნება. ამიტომ, ამ მომენტით ვცხოვრობ. მაგრამ ყოველთვის ვეცდები, რომ UFC-ში ზრდა გავაგრძელო.“

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი სამი რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში დებიუტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეში სილა გაგარტყი და უბრალოდ იცინოდი“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა
„სახეში სილა გაგარტყი და უბრალოდ იცინოდი“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა