მამარდას ლივერპულის საჩემპიონო შანსები | Opta-ს განახლებული რეიტინგი
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ისევ დამარცხდა. არნე სლოტის გუნდი „ენფილდზე“ „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდა და მეტოქისგან სამი უპასუხო გოლი მიიღო – 0:3.
გასული უქმეების შემდეგ ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ Opta-მ საკუთარი რეიტინგი განაახლა და ვარაუდობს, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლადაც დიდი ბრძოლა მოუწევს. Opta-ს მიხედვით, „წითლების“ ჩემპიონობის შანსი 2.42%-ია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის – 44.23%.
სტატისტიკური სააგენტო პრემიერ ლიგის მთავარ ფავორიტად „არსენალს“ მიიჩნევს. „მეთოფეებს“ ჩემპიონობის 76.14%-იანი შანსი აქვთ. მეორე პოზიციაზე „მანჩესტერ სიტია“ – 14.11%, ხოლო „ჩელსი“ მესამე ადგილზეა – 3.46%.
მამარდაშვილის „ლივერპულს“ 12 ტურის შემდეგ 6 მოგება და 6 წაგება აქვს. „წითლები“ 18 ქულით მე-11 ადგილზე არიან და „არსენალს“ 11 ქულით ჩამორჩებიან. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „ენფილდზე“ პსვ-ს დაუპირისპირდება.