რეალი იანვარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს - ნიკო პასი მადრიდში ბრუნდება
იტალიური „კომოს“ არგენტინელი ნახევარმცველი ნიკო პასი შესაძლოა ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული არგენტინელი ჟურნალისტი გასტონ ედული იტყობინება.
„ნიკო პასი ძალიან ახლოსაა „რეალში“ დაბრუნებასთან. მადრიდული კლუბი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს“, - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 21 წლის ნიკო პასი „ბლანკოსის“ აკადემიის აღზრდილია. შარშან არგენტინელი ნახევარმცველი 6 მილიონ ევროდ „კომომ“ შეიძინა, თუმცა მადრიდელებს შეუძლიათ, ფეხბურთელი 9-11 მილიონ ევროდ გამოისყიდონ - ეს უფლება „რეალს“ 2027 წლამდე ექნება. გარდა ამისა, თუ „კომო“ არგენტინელს გაყიდის, „სამეფო კლუბი“ სატრანსფერო ღირებულების 50%-ს მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნიკო პასს „კომოს“ მაისურით 12 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. არგენტინელი სერია ა-ში გოლებისა და ასისტების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
Transfermarkt-ის შეფასებით, პასის საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.