„იანვარში არავის დავკარგავთ“ - უოტფორდში ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ ხელმძღვანელმა, სკოტ დუქსბურიმ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზამთრის ფანჯარაზე გუნდს ლიდერები არ დატოვებენ, მათ შორის არც გიორგი ჩაკვეტაძე.
რას ამბობს დუქსბური:
„გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავის, ვუთხარით, რომ ისეთ მოთამაშეებს, რომელთა დაკარგვაც არ სურს, არ გავუშვებთ. ესენი არიან ლუზა, ჩაკვეტაძე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ვფიქრობთ, ახლა მიზნის შუაგულში ვართ და გვჯერა, რომ ამ მიზანს მივაღწევთ. ცხადია, თუ გუნდის გაუმჯობესება და უკეთესი მოთამაშის დამატება დაგვჭირდება, ამაზე ვიმუშავებთ. მაგრამ იანვარში არ დავკარგავთ არც ერთ მოთამაშეს, რომლის დაკარგვაც არ გვინდა.“
„ვატა დაშავდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე ნებისმიერ წამს უნდა დაბრუნდეს. როდესაც ვატა გვყავდა, რთული გასაგები იყო, როგორ დაბრუნდებოდა ჩაკვეტაძე, მაგრამ ახლა მისი დაბრუნებით ბევრი პრობლემა მოგვარდება.“
სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჯან ლუკა ნანიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვარში გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება, თუმცა ლიდერები არ წავლენ.
„სატრანსფერო ფანჯარამდე კიდევ ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, ხავი კი ამ დრომდე ეცნობა თავის ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, ზოგი მათგანი წავა, რადგან შემადგენლობაში ბევრია ისეთი, რომელსაც თამაშის შანსი არ ეძლევა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. გრძელი შემადგენლობა გვყავს და ვნახოთ, როგორ განვითარდება ტრავმების მდგომარეობა და რას იტყვის ხავი შემადგენლობაზე. შემდეგ ერთად გადავწყვეტთ, რა იქნება უკეთესი იანვარში“, - განაცხადა ნანიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს 2025 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ქართველი შემტევი სავარჯიშო პროცესს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და მისი მოედანზე დაბრუნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.