ორი თამაში 22 საათზე ნაკლებ დროში! - შენგელია საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია უახლოეს სანაკრებო თამაშებში ეროვნულ გუნდს წარმოუდგენელი გრაფიკის ფასად დაეხმარება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შენგელია 26 ნოემბერს, ევროლიგაზე „ბარსელონას“ შემადგენლობაში ითამაშებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მაშინვე საქართველოში გამოემგზავრება და ნაკრებს 27 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ დაეხმარება.
რა წერია ფედერაციის განცხადებაში:
„26 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:30-ზე, თოკო ჯერ ბარსელონაში ითამაშებს თავისი კლუბის რიგებში, ხოლო შემდეგ, 27-ში გამოფრინდება თბილისში და 20:50-ზე დასაწყებ მატჩში, საკუთარ ნაკრებს გაუძღვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში - 2 თამაში 2 ქვეყანაში 22 საათზე ნაკლებ დროში!“
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, თოკო 22 საათზე ნაკლებ დროში ორ შეხვედრას ჩაატარებს. საგულისხმოა, რომ შენგელია მსგავსად 2023 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი დროსაც მოიქცა, როდესაც „ვირტუსის“ შემადგენლობაში სერია A-სა და ევროლიგის მატჩი ითამაშა და შემდეგ საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, თუმცა იმ შემთხვევაში ჩვენს გუნდს თამაში 11 ნოემბერს ჰქონდა, თოკო კი ნაკრებს 10 ნოემბერს შეუერთდა. ახლა კი კაპიტანი საქართველოში უშუალოდ თამაშის დღეს ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 27 ნოემბერს უკრაინას დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.