„ყველაფერი ასე მოხდა“ - ილია ბერიაშვილის სანაკრებო შთაბეჭდილებები
ილია ბერიაშვილი ნოემბერში გასამართ სანაკრებო მატჩებისთვის გამოქვეყნებულ გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო, თუმცა ესპანეთთან (0:4) წაგებული შეხვედრის შემდეგ, სადაც საბა გოგლიჩიძე დაშავდა, „ჯვაროსნების“ ფრანგმა დამრიგებელმა ვილი სანიოლმა გადაწყვიტა ბულგარელებთან თამაშისთვის უნგრეთის „მტკ“-ს 27 წლის ქართველი ცენტრალური მცველი გამოეძახებინა. მართალია, ილიას თამაშის საშუალება არ მისცემია, მაგრამ სანიოლის გადაწყვეტილებით მაინც უზომოდ კმაყოფილი დარჩა და შთაბეჭდილებები Crystalsport-ს გაუზიარა.
ილია ბერიაშვილი
ყველაფერი ასე მოხდა - ჩემს მენეჯერს ლაშა ოდილაძეს დაუკავშირდა ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბის წევრი ნიკოლოზ კვეკვესკირი და უთხრა, რომ ბულგარეთთან თამაშისთვის საქართველოს ნაკრებში ჩემი დამატება სურდათ. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულის ემოცია მივიღე, რადგან ოჯახთან ერთად დასასვენებლად ვიყავი და ვერცკი ვიფიქრებდი, რომ ეროვნულ გუნდში მიხმობდნენ. მაშინვე ბარგი ჩავალაგე და სოფიაში გავემგზავრე.
რატომ არ მომეცა სათამაშო დრო, ამის შესახებ ვილი სანიოლს არაფერი უთქვამს. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი არც გამკვირვებია. კვირას ჩავედი ბულგარეთში, ორშაბათს ვივარჯიშე და სამშაბათს უკვე თამაში იყო. წარმოიდგინეთ, გუნდთან ერთად მხოლოდ ერთ საწვრთნელ პროცესში ვმონაწილეობდი და ასეთ დროს მწვრთნელი ბუნებრივია თავს იკავებს.
მტკ-ში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. მენდობიან და ვცდილობ ყოველთვის მაქსიმუმი გავიღო. მთავარი მწვრთნელი საკმაოდ ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ ჭკვიანი, გაწონასწორებული და პროფესიონალია, რომლისგანაც როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად ბევრი რამ ვისწავლე.
უნგრეთში ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს და მინდა გითხრათ, რომ როგორც აქაური პრესის წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივრები ჩვენს მიმართ დადებითად არიან განწყობილი. ხშირი კონტაქტი მაქვს „უიპეშტში“ მოთამაშე დავით კობოურთან და გიორგი ბერიძესთან - ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან.
ჯერჯერობით კონკრეტული შემოთავაზებები არ მაქვს და შესაბამისად, ნამდვილად არ ვიცი, რაა იქნება მომავალში. რომელი ჩემპიონატი და კლუბი მიზიდავს? ინგლისის პრემიერლიგას გამოვარჩევდი, სადაც მუდამ უშეღავათო ორთაბრძოლებია მოედნის ნებისმიერ წერტილში. რაც შეეხება ფავორიტ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარ.
ცნობისათვის, ილია ბერიაშვილმა უნგრეთის წლევანდელ ჩემპიონატში 11 შეხვედრაში ითამაშა, საიდანაც ცხრაში შეუცვლელად იასპარეზა, ერთხელ შეცვალეს, ხოლო ერთხელაც, გუშინ გამართული მატჩის 66-ე წუთზე სამწუხაროდ არბიტრმა მოედნიდან გააძევა.