„მარტივ ჩხუბებს ეძებს“ | ცარუკიანმა თოფურია გააკრიტიკა
არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში სომეხ მებრძოლს „ელ მატადორზე“ ჰკითხეს და ცარუკიანმა განაცხადა, რომ თოფურია ყველაფერს აკეთებს, რათა მარტივი ჩხუბები იპოვოს.
„ჩემი დრო დადგა. ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე მე უნდა ვიყო, 100 პროცენტით. შეუძლიათ, მას პედი პიმბლეტი მისცენ, მაგრამ ამაზე ყველა ბევრს იცინებს, რადგან მთავარი პრეტენდენტი ვარ და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რა შემიძლია. მეტი რა უნდათ ჩემგან? გალიაში შევედი და დენ ჰუკერი გავანადგურე. ჩემზე წინ არ უნდა დააყენონ მებრძოლი, რომელიც ტოპ 15-ში ხელოვნურად მიდის წინ.
თოფურია მარტივ ჩხუბებს ეძებს. უნდა, ტიტული დაიცვას და შემდეგ ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდეს. UFC ცდილობს, რომ მისგან სუპერვარსკვლავი გამოიყვანოს. ამ მომენტისთვის, მას არ შეუძლია, ქვესაშუალოში ავიდეს, რადგან ტიტული ჯერ არც ერთხელ დაუცვია. უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილი ჩემპიონი ხარ და შემდეგ შეიცვალო წონა.“
შეგახსენებთ, რომ არმანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში, მახრჩობელა ილეთით მოიგო. ჰუკერის დამარცხების შემდეგ, ცარუკიანი Pound-for-pound რეიტინგში დაწინაურდა და მე-13 ადგილზე გადავიდა.