ხვიჩა კვარაცხელია, დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

„კვარა ქართველების ისტორიულ გამძლეობას ასახავს“ - უნგრული გამოცემა

უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Magyar Nemzet-ი შემოდგომაზე ერთა ლიგაზე უნგრეთისა და საქართველოს ნაკრების მომავალ დაპირისპირებებს შეეხო და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გენიალურ თვისებებს უსვამს ხაზს.

„ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინ, რომ 25 წლის ქართველი თავდამსხმელი იქნებოდა ის პერსონა, რომელიც პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე გაიბრწყინებდა? დღეს ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კრეატიული მოთამაშეა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის, „ჩელსის“ სრულ განადგურებაში. მარკო როსის გუნდი მის ფენომენალურ უნარებს წელს ახლოდან გაეცნობა, რადგან ერთა ლიგაზე სობოსლაი და მისი გუნდი ქართველებთან ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

ის დღეს არა მხოლოდ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი, არამედ პსჟ-ს შემტევი მანქანის უპირობო ძრავია. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ცნობილი მეტსახელი „კვარადონა“ ჯერ კიდევ ნეაპოლში ყოფნისას შეერქვა, პარიზის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა: სანახაობრივი თამაშის გარდა, 25 წლის ქართველი გარემარბი ევროპის ყველაზე ეფექტური მეგოლეებისა და ასისტენტების ელიტაში დაწინაურდა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ შეხვედრაში მან სამი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. პარიზელებმა პირველი მატჩი 5-2 მოიგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ლონდონში - 3-0. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვის გზაზე.

კვარაცხელია მოედანზე ნამდვილი „ეშმაკია“, მუდმივი საფრთხე მეტოქისთვის:

მისი ფეთქებადი სისწრაფე მხოლოდ გენეტიკის დამსახურება არ არის - პლიომეტრიული ვარჯიშებისა და სპეციალური კოორდინაციული ვარჯიშების წყალობით, მას მინიმალურ სივრცეში, თუნდაც ადგილიდან, მცველების სტატიკურ მდგომარეობაში დატოვება შეუძლია. ეს მან იდეალურად წარმოაჩინა „ჩელსისთან“ მატჩში მესამე გოლის გატანისას. კვარაცხელიას ძლიერი მხარე მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეჭრაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად მემარჯვენეა, მარცხენა ფეხითაც შეუძლია სასიკვდილო გადაცემების გაკეთება, რაც მას ერთი-ერთზე სიტუაციებში არაპროგნოზირებადს ხდის.

კვარაცხელიას განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაცვითი დისციპლინის ათვისება იყო. „ნაპოლიში“, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, მან ისწავლა გადაცემის ხაზების ჩაკეტვა და სიღრმიდან დაცვა. ლუის ენრიკეს სისტემაში ამ დისციპლინამ მას შეტევის გაძღოლის საშუალება მისცა: პსჟ-ს წარმატებული კონტრშეტევები მეტოქის ნახევარზე, წინა სეზონთან შედარებით, 30 პროცენტით გაიზარდა.

ამას დაუმატეთ მისი გამორჩეული სიზუსტე - გადაცემების 89-91 პროცენტი წარმატებულია (მატჩში საშუალოდ 2.8 საკვანძო პასი) - და ადვილი მისახვედრია, რატომ არის „კვარადონა“ პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შემტევი როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო არენაზე. მისი საშუალო მაჩვენებელი - 5.2 წარმატებული დრიბლინგი თითო თამაშში, მას ჩემპიონთა ლიგის უმაღლეს ელიტაში აყენებს.

ხვიჩა ერიდება ფუფუნების დემონსტრირებას. თავისუფალ დროს მას უყვარს ვიდეოთამაშების სამყაროში ჩაძირვა ან NBA-ს მატჩების ყურება. შემთხვევითი არ არის, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, თავის მისაბაძ მაგალითებად კობი ბრაიანტსა და კევინ დურანტს ასახელებს. მეგობრების თქმით, მისი ხასიათი პოპულარობასთან ერთად საერთოდ არ შეცვლილა: ის ისეთივე გულუხვი და დამხმარეა, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო.

კვარაცხელიასთვის საქართველოს წარდგენა წმინდა მისიაა. მისი უშიშარი თამაში მოედანზე ქართველი ხალხის ისტორიულ გამძლეობასა და სიამაყეს ასახავს. მან იცის, რომ მის ყოველ მოძრაობას ათასობით ბავშვი აკვირდება თბილისიდან ბათუმამდე. მისი გზავნილი მათთვის ნათელია: ყველაზე მოკრძალებული საცხოვრებელი კორპუსიდანაც კი შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და მსოფლიო აღიარებამდე მისვლა. თბილისის ის საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ის გაიზარდა, კვლავ მისი ნამდვილი სახლია და ყოველ შესაძლებლობაზე ბრუნდება იქ ძველი მეგობრების სანახავად და ენერგიის აღსადგენად.

საქართველოს ნაკრებში მისმა გამოსვლამ - მაგალითად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამ, ის ეროვნული გმირის სტატუსამდე აამაღლა. კვარაცხელია პარიზში მხოლოდ „ლეგიონერი“ კი არა, საქართველოს ელჩია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სცენაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ნაკრებში ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

მას შემდეგ, რაც უნგრეთის ნაკრები ქართველებს ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფში დაუპირისპირდა, სობოსლაი და მისი გუნდი პარიზელი გმირის შესაძლებლობებს ახლოდან გაეცნობიან. თუ ის ორ შეხვედრაში - 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში და 14 ნოემბერს თბილისში - თავის ჩვეულ ფორმას აჩვენებს, მარკო როსისა და მისი ფეხბურთელებისთვის პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია“.

- წერს უნგრული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები