გოლი და მატჩის MVP - გულიაშვილი რასინგს გამარჯვებაში დაეხმარა
ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტოში იმყოფებოდა და ჯამში 80 წუთი ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ გულიაშვილმა გახსნა, რომელმაც მე-10 წუთზე კუთხურის შემდეგ უკანა ძელი დროულად ჩაკეტა და თავისი გუნდი დააწინაურა.
გულიაშვილმა აქტიურობა ამის შემდეგაც გააგრძელა, შექმნა მომენტებიც, თუმცა მეტი გოლი აღარ გაუტანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოედანზე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, რაც საბოლოოდ დაუფასდა და შეხვედრის MVP გახდა (ლა ლიგაში მე-3 გოლი).
გულიაშვილის კარგ თამაშზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მე-80 წუთზე მოედანზე მის ნაცვლად შესულმა ასიერ ვილალიბრემ დუბლი შეასრულა და სანტანდერელებს თამაში მოაგებინა, თუმცა MVP მაინც ქართველი გახდა.
გულიაშვილის ყველა სახიფათო მომენტი და რასინგის ყველა გოლი
ამ მოგების შემდეგ, „რასინგმა“ სატურნირო ცხრილში „დეპორტივოს“ სამი ქულით გადაასწრო და 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო ტურში სანტანდერელები 5 აპრილს სტუმრად „ანდორას“ დაუპირისპირდებიან.