პეკერმანი: ყველა დოკუმენტი მზად იყო, რომ მესის ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოაწყო ამხანაგური მატჩი, რათა ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან დაეკავშირებინა და ამით მისი ესპანეთში გადასვლა აღეკვეთა.
2004 წლის ივნისში არგენტინის ახალგაზრდულ გუნდში პარაგვაისთან მატჩში (8:0) მესის დებიუტი შედგა. ლეო მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლიც გაიტანა.
„ესპანეთში ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ლიონელ მესის შესახებ ფინეთის 17-წლამდელთა ტურნირიდან, სადაც ის ესპანეთის სახელით თამაშობდა. ესპანეთის სამწვრთნელო შტაბის ხალხი გვეუბნებოდა: ეს „ბიჭი“ რომ გყოლოდათ, თქვენ მოიგებდით.
ტოკალის (იმ პერიოდში არგენტინის 20-წლამდელთა მწვრთნელი) ვუთხარი, რომ გაოცებული ვიყავი – ეს მომავლის ფეხბურთელია. არ შემეძლო შევმცდარიყავი: ეს ახალი მოვლენაა არგენტინულ ფეხბურთში, ნამდვილი კურთხევა. მაგრამ რადგან დოკუმენტები უკვე მზადდებოდა, რომ მას ესპანეთის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა, რაც მის შესაძლებლობას დაბლოკავდა, ჩვენ უნდა გვეჩქარა.
ტოკალი მეუბნებოდა, რომ სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გუნდი უკვე შეკრებილი ჰყავდა, რომელიც ერთ თვეში იწყებოდა: „და შენ ახლა მეუბნები, რომ არის ვიღაც ბიჭი“. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ეთამაშა, თუ ამის აუცილებლობა არ იყო, უბრალოდ გვჭირდებოდა ამხანაგური მატჩის ჩატარება, შემდეგ კი ხელს მოვაწერდით ოქმს და გავუგზავნიდით ფიფა-ს. და მორჩა, ესპანეთი ვეღარ შეძლებდა მის გამოძახებას.
პრეზიდენტს დაველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი, ვუთხარი, რომ მას (მესის) ჩამოსვლის სურვილი ჰქონდა, საჭირო იყო ბარსელონაში გამოძახების გაგზავნა.
ჩვენ ვიცავდით ფიფა-ს ნორმას: თუ მოთამაშე თამაშობდა ერთ ახალგაზრდულ ნაკრებში, მას აღარ შეეძლო სხვა ქვეყნის სახელით თამაში. დოკუმენტები მზად იყო, რომ 18 წლის მესი ესპანეთთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წასულიყო. სწორედ მაშინ დაიწყო ოპერაცია.
დონ ხულიო გრონდონას (არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი) ვუთხარი, რომ ეპოვა ნებისმიერი მეტოქე, ტოკალი საქმის კურსში იყო, მაგრამ ერთი პირობით: მატჩი „არხენტინოსის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო. იქ ხომ დიეგოც (მარადონა) თამაშობდა...“
- ციტირებს პეკერმანის სიტყვებს Marca.
ამის შემდეგ, მესის საფეხბურთო კარიერაში რა და როგორ მოხდა, ეს უკვე ისტორიის ნაწილია და ყველამ ძალიან კარგად ვიცით.