ქართული წყვილების ტრიუმფი - ჩემპიონი ბატუტზე მხტომელები
ესპანეთის ქალაქ პამპლონაში გამართულ ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის ტრიუმფალური გამოდგა. პირველად ისტორიაში ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წარმატებას ცოტნე ჩხაიძისა და ლუკა ლომთათიძის დუეტმა მიაღწია, რომელთაც როგორც საკვალიფიკაციო (48,150 ქულა), ასევე ფინალურ ეტაპზე (48,390) ოქროს მედალი მოიპოვეს.
გოგონათა შორის წყვილებში არაჩვეულებრივად იასპარეზა კიდევ ორმა ქართულმა დუეტმა - სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ელენე კირთაძემ და მარიამ გაბრიაძემ, ხოლო ბატუტზე ხტომაში - ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა მოიპოვეს. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებას - მარიამ გაბრიაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ქრისტინე პლეხანოვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცნობისათვის, სპორტის ამ სახეობაში როგორც საკვალიფიკაციოზე, ასევე ფინალურ ეტაპზე მიღწეული ადგილები მედლებად ითვლება. შედეგად საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო ჯამში პლანეტის პირველობა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.