სამთო-მოთხილამურის სტარტი ოლიმპიადაზე - ბუჩუკურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა
მოციგურავეების შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სამთო-მოთხილამურეების ჯერიც დადგა. ხვალ ტურნირში ნინო წიკლაური ჩაერთვება, დღეს კი გიგანტურ სლალომში ლუკა ბუჩუკურმა იასპარეზა და პირველ დაშვებასთან შედარებით, მეორეში დროც და დაკავებული პოზიციაც გააუმჯობესა.
პირველი გამოსვლისას ბუჩუკური ფინიშთან 1:28:21 წუთში მივიდა, რაც 61-ე შედეგი აღმოჩნდა 80 მონაწილეს შორის, ხოლო მეორე დაშვებისას მოცემული მანძილი 1:20:57 წუთში დაფარა და 51-ე პოზიცია დაიკავა. შედეგად, საერთო ჯამში გიგანტურ სლალომში გამოსვლა 56-ე ადგილზე დაასრულა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველად ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში სამთო-თხილამურებში ჩემპიონი ბრაზილიელი სპორტსმენი გახდა. უმაღლესი სინჯის მედალი ლუკას პინეირუ ბრაატენმა მოიპოვა, ხოლო მეორე-მესამე ადგილები შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლიოკ მელარიმ გაინაწილეს.
ცნობისათვის, 16 თებერვალს ლუკა ბუჩუკური უკვე მეორე დისციპლინაში, სლალომში ცდის ძალებს, ხოლო ხვალ ოლიმპიადაში მეორე ქართველი სამთო-მოთხილამურე, ნინო წიკლაური ჩაერთვება.