„მჯერა, რომ მედლის აღება შეგვიძლია“ - აბრამაშვილმა ოლიმპიადაზე ისაუბრა
ბოლო პერიოდში საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობებში რომ დიდი წარმატებები აქვს, ამაზე დაფიქსირებული შედეგებიც კარგად მეტყველებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი ქვეყნის ფიგურული ციგურაობის ნაკრები და მისი წევრები, რომლებიც არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ შეჯიბრებაშიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. Crystalsport-თან ინტერვიუში წარსულში ცნობილმა ქართველმა სამთო-მოთხილამურემ იასონ აბრამაშვილმა მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეების გამოსვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
იასონ აბრამაშვილი
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავეების ასპარეზობა მართლაც აღსანიშნავი და საამაყოა. ასეთი ტემპით პროგრესს თუ განაგრძობენ, შორს არც ის დრო იქნება, როდესაც მთავარ სპორტულ მოვლენაზე მედლებს მოვიპოვებთ. ფედერაციის პრეზიდენტის, ქალბატონი მაკა გიორგობიანის მრავალწლიანი მუშაობა შედეგებში აისახა, რაც ძალიან მახარებს.
მოციგურავეებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ და გულწრფელად მჯერა, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მედლის აღება შეგვიძლია. ასევე მინდა იმედი დავიტოვო, რომ მოთხილამურეები ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური შეძლებენ მაქსიმუმის ჩვენებას და გაგვახარებენ. მჯერა, რომ ამიერიდან ზამთრის ყოველი ოლიმპიური თამაშები წინაზე წარმატებული იქნება.
ცნობისათვის, იასონ აბრამაშვილს კარიერის განმავლობაში მონაწილეობა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე, 2006, 2010, 2014 და 2018 წლებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამასთან 2010-ში ის ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო.