4 პროგრამა 6 დღეში - საუკეთესო შედეგი სპორტულ ცეკვებში
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ფიგურულ ციგურაობაში გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა მეცამეტე ადგილზე დაასრულა. გუშინ მათ თავისუფალი პროგრამა შეასრულეს, ორი გამოსვლის ჯამში 196.02 ქულა დააგროვეს და ზამთრის თამაშებზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ გლებ სმოლკინმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩვენი გამოსვლით უზომოდ ვამაყობ. 6 დღის განმავლობაში 4 პროგრამა შევასრულეთ, რაც იოლი ნამდვილად არ გახლავთ. ჩემი აზრით, მაყურებელს განსაკუთრებით თავისუფალი პროგრამა მოეწონა. მთლიანობაში საქართველოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ახლა ყინულის მოედნიდან ტრიბუნაზე გადავინაცვლებთ და ვეცდებით ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს გულმხურვალედ ვუგულშემატკივროთ“.
ცნობისათვის, ჩემპიონობა საფრანგეთის წარმომადგენლებმა, ლორანს ბოდრი-ფურნიემ და გიიომ სიზერონმა მოიპოვეს. ვერცხლის მედლები ამერიკულმა დუეტმა დაისაკუთრა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად კანადელებს ხვდათ.