კიდევ ერთი ვადით აირჩიეს - გიორგობიანი მუშაობას განაგრძობს
თბილისში მდებარე ყინულის მოედნის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდა, სადაც გარდა იმისა, რომ დელეგატებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მოქმედი პრეზიდენტისგან დეტალური ანგარიში მოისმინეს, საარჩევნო ყრილობაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაყოფიერი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ყველაზე კარგად წელს გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აისახა, დელეგატებმა ამჟამინდელ პრეზიდენტს მაკა გიორგობიანს ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადეს და ხელმძღვანელად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგობიანი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სათავეში 2030 წლამდე დარჩება. ამავე ყრილობაზე მანვე წარადგინა საკუთარი გუნდის წევრები, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი და ყრილობისგან მანდატები მათაც უპრობლემოდ მიიღეს.
შეგახსენებთ რომ წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოუტანა, რომლებიც ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. აქვე გეტყვით, რომ ბოლო ორი სპორტული სეზონის განმავლობაში ქართველმა მოციგურავეებმა 48 საერთაშორისო ტურნირზე 22 ოქროს, 18 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.