ფიგურული ციგურაობა | დევისი და სმოლკინი მე-10 ადგილს დასჯერდნენ
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს რიტმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარდგა.
ქართული წყვილის მოკლე პროგრამა მსაჯებმა 79.34 ქულით შეაფასეს, რის შედეგადაც დევისი-სმოლკინის წყვილმა მე-10 ადგილი დაიკავა, კვალიფიკაცია გაიარა და თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვა.
დევისისა და სმოლკინის თავისუფალმა პროგრამამ 119.31 ქულა დაიმსახურა. საერთო ჯამში ქართულმა წყვილმა 198.65 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილს დასჯერდა. ამგვარად, დევისმა და სმოლკინმა საკუთარი შარშანდელი შედეგი გაიმეორეს - 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათ ასევე მე-10 ადგილი დაიკავეს.
მსოფლიო ჩემპიონები ფრანგები ლორანს ფურნიე-ბოდრი და გიიომ სიზერონი გახდნენ (230.81 ქულა), ვერცხლი კანადელებს, პაიპერ გილისა და პოლ პუარიეს (211.52 ქულა), ხოლო ბრინჯაო ამერიკელებს, ემილი ზინგასსა და ვადიმ კოლესნიკს ერგოთ (209.20 ქულა) .
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის, სადაც ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.