„ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარეთ“ - ლუკა ბერულავა ისტორიულ მედალზე
მილანი-კორტინას 2026 წლის ოლიმპიურ თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, ქართველმა მოციგურავემ ლუკა ბერულავამ ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) პრესსამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ისტორიული შედეგის მისაღწევად ძალიან დიდი გზის გავლა მოუხდა.
ლუკა ბერულავა:
„ჩვენთვის დიდი პატივია და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გავხდით პირველი სპორტსმენები, ვინც საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შევძელით. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარეთ.
ჩვენი მისია შევასრულეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ვგეგმავდით - ოთხი პროგრამა შევასრულეთ [ჯგუფური შეჯიბრის ჩათვლით], ახლა კი შეგვიძლია, დავისვენოთ და სული მოვითქვათ“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 221.75 ქულა დააგროვა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. ოქრო რიკუ მიურასა და რიუჯი კიჰარას წყვილს ერგო, რომლებიც ბრწყინვალედ გამოვიდნენ და 231.24 ქულა დაიმსახურეს, ხოლო მინერვა ჰასესას და ნიკიტა ვოლოდინის გერმანული დუეტი, რომელთაც მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავეს, საერთო ჯამში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (219.09).
აქვე გეტყვით, რომ დღეს ქალთა შორის მოკლე პროგრამით საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა წარადგენს. მოკლე პროგრამით გამოსვლები თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება - ქართველი სპორტსმენი ბოლო, მეხუთე ბლოკში იასპარეზებს.