ისტორია დაწერილია - მეტელკინა-ბერულავას წყვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია
მილანი-კორტინას 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის ისტორია დაიწერა. პირველად ქართველმა სპორტსმენმა ზამთრის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო და ეს მედალი ვერცხლის გამოდგა. ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას დუეტმა სპორტულ წყვილებში უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გუშინ, მოკლე პროგრამაში დაკავებული მეორე ადგილის შემდეგ, ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაშიც არაჩვეულებრივი გამოსვლა აჩვენა და საერთო ჯამში 221.75 ქულა დააგროვა. ბერულავა-მეტელკინას გამოსვლისას, სამივე აწევაში ტექნიკურმა პანელმა მეოთხე დონე დააფიქსირა და მხოლოდ ერთ კომპონენტში გაუწითლეს შეფასება, თუმცა ამან საერთო ბრწყინვალე გამოსვლაზე ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ვერცხლის მედალი სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.
ცნობისათვის, ოლიმპიადის გამარჯვებული რიკუ მიურასა და რიუჯი კიჰარას წყვილი გახდა, რომლებიც ბრწყინვალედ გამოვიდნენ და 231.24 ქულა დაიმსახურეს, ხოლო მინერვა ჰასესას და ნიკიტა ვოლოდინის გერმანული დუეტი, რომელთაც მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავეს, საერთო ჯამში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია და ბერულავა-მეტელკინას წყვილმა ის ვერცხლის მედალი ჩაიბარა, რომლის მოპოვებაც არამხოლოდ მათ ემახსოვრებათ ცხოვრების ბოლომდე, არამედ ქართული სპორტის თითოეულ გულშემატკივარს, რადგან სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობაც საპატიო იყო, ამჯერად კი მსოფლიოს ბობოლებთან ბრძოლაში ჩვენმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ვერცხლი დაისაკუთრეს.