16 წელი დიდი ტრაგედიიდან - მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის დანაკლისი
თექვსმეტი წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს არამხოლოდ ქართული, არამედ მთელი მსოფლიოს ოლიმპიური ოჯახი დიდმა ტრაგედიამ შეძრა. ვანკუნვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე საათებით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ნოდარმა მოსახვევში მართვის კონტროლი დაკარგა, ბარიერზე შეჯახებას კი ციგიდან გადმოვარდნა და ტრასის გარეთ კონსტრუქციასთან შეჯახება მოჰყვა. ის სასწრაფოდ ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ახალგაზრდა მოციგავის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
საყოველთაო მოსაზრებით, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი უნიჭიერესი იყო და რომ არა ეს უდიდესი ტრაგედია, ის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე უდიდეს წარმატებებს მოუტანდა. ნოდარმა ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო და 8-წლიანი თავდაუზოგავმა შრომამ მსოფლიო მოციგავეთა იმ 40-კაციან სიაში მოახვედრა, რომელთაც 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ეასპარეზათ, ქუმარიტაშვილისთვის საბედისწერო კი მეშვიდე, ბოლო სავარჯიშო დაშვება გამოდგა.
ცნობისათვის, დეტალური გამოძიების შემდეგ, ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა არამხოლოდ ტრასის გაუმართაობამ, არამედ შეცდომების მთელმა ჯაჭვმა განაპირობა.