„ნოდარის ნაბიჯებს მივყვები" - Marca-ს სტატია საბა ქუმარიტაშვილზე
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ქართველ მოციგავეს, საბა ქუმარიტაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორი საკუთარ მკითხველს საბას ისტორიას აცნობს და მისი სტატიის სათაური ასეთი გახლავთ - „საბა ქუმარიტაშვილის ემოციური ამბავი - სპორტსმენი, რომელმაც ბიძაშვილის სიკვდილიდან 12 წლის შემდეგ, ისტორია დაწერა.“
„საბა ქუმარიტაშვილი ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. საბა სცენაზე გამოჩნდა, რათა აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა.
წლების წინ, ნოდარი ემზადებოდა, პირველი სპორტსმენი ყოფილიყო, რომელიც 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს წარადგენდა, მაგრამ სავარჯიშო დაშვებისას ტრაგიკული ინციდენტი მოხდა, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა. ქუმარიტაშვილი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა. მაშინ საბა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ საკუთარი ოჯახის ტრადიციას გაჰყვა და ბიძაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, ოჯახის ოცნება, რომ მათ წარმომადგენელს ოლიმპიადაზე ეასპარეზა, აასრულა.
„ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალასაც მმატებს. ჩვენი ოჯახის თითოეულ თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მამაჩემი და მე ნოდარის ნაბიჯებს მივყვებით“, - განუცხადა საბამ AP-ს ოლიმპიადის დაწყებამდე.
უცნაურია, მაგრამ საბა ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც ვანკუვერის ოლიმპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილი იყო. ქართველ სპორტსმენს მედლებამდე ბევრი დააკლდა, მაგრამ განაცხადა, რომ კმაყოფილია, რადგან მიზანს მიაღწია და ოლიმპიადაზე ასპარეზობის შანსი მიიღო.
„ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. აღფრთოვანებული ვარ და სიმართლე გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი. საკუთარი თავით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ“, - განუცხადა საბამ NPR-ს“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენის პირველი დაშვების შედეგები 1:00.211 / 30-ე ადგილი იყო. საბამ მეორე ცდაზე 1:00.146 წუთი აჩვენა და ორი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31 ადგილი დაიკავა.