ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი ტყვიის მსროლელების წარმატება
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შერეულ წყვილებში ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მარიამ მარშავას და გიორგი მუმლაძის დუეტმა ესპანელები, ინეს ორტეგა კასტრო და ლუკას სანჩეს ტომე 17:9 დაამარცხეს.
შეხვედრა პირენეელთა უპირატესობით დაიწყო და საწყისი 2 სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულეს, თუმცა ჩვენებმა მესამე სეტიდან საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინეს და ზედიზედ სამი პარტია მოიგეს. მართალია ესპანელებმა გათანაბრება შეძლეს, მაგრამ ამას ისევ ქართველების წარმატებული სერიები მოჰყვა და ზედიზედ სამი სეტის მოგებით საბოლოო ანგარიში 17:9 დააფიქსირეს.
ცნობისათვის, კონტინენტის პირველობაზე ეს საქართველოს ნაკრებისთვის მესამე მედალია - 18-წლამდე გოგონებმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული გუნდურში მოიპოვეს, ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაო 16-წლამდე ვაჟთა ნაკრების ანგარიშზეა. 14 თებერვალს, მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას.