დამარცხებული პარალიმპიური ჩემპიონები - ჯაფარიძის და ნიკოლაძის მშვენიერი გამოსვლა
უკანასკნელი ერთი კვირა ქართველი პარასპორტსმენებისთვის გამორჩეულად წარმატებული გახლდათ. ყველაფერი თბილისში ჩატარებული პარაძიუდოს მსოფლიო თასით დაიწყო, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები ღირსეულად გამოვიდნენ და ერთ წონაში ფინალში ორი ქართველიც გავიდა. ამას კი უკვე პარატაეკვონდოში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში კარგი შედეგები დაერთო და მთავარი სიტყვა ამჯერადაც ანა ჯაფარიძემ თქვა.
ახალგაზრდა ქართველმა პარასპორტსმენმა თურქეთის ღია სარეიტინგო შეჯიბრება მოიგო, თანაც ისე რომ ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლოს-ანჯელესის 2028 წლის პარალიმპიადაზე უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია. ჯაფარიძის მსგავსად, გიორგი ნიკოლაძემაც (70 კგ) პარალიმპიადის მოქმედ გამარჯვებულს აჯობა ნახევარფინალში, თუმცა ფინალში გასამარჯვებლად უკვე ძალები აღარ ეყო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
ცნობისათვის, თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი ლიკუნა ჩაჩიბაიამ (47 კგ) მოუტანა, რომელმაც რუს მოწინააღმდეგეს რამდენიმე თვის წინ გამართულ სალიცენზიო შეჯიბრებაში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.