კორეელი სპეციალისტი - ახალი მწვრთნელი მშვილდოსანთა ნაკრებში
საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სპორტის ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ამ თანამდებობაზე კორეელი ჰიუნგ სეუნგ ანი იმუშავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზში მან მშვილდოსნებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე ჩაატარა და საკუთარი სამწვრთნელო იდეების შესახებ გაესაუბრა.
კორეელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საწყის ეტაპზე ის 20 მშვილდოსანი მოემზადება, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრებად, ან კანდიდატებად მოიაზრებიან. გარდა ამისა, ჰიუნგ სეუნგ ანმა, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2011-2013 წლებში უკვე მუშაობდა, ახალი შეგირდების გაცნობის გარდა, სპორტული ინვენტარისა და მშვილდოსანთა ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებაც გადაწყვიტა, ხოლო ხვალიდან უკვე მზადება წლის პირველი მთავარი ტურნირისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყება.
ცნობისათვის, მშვილდოსნობის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს 18 მეტრზე სროლაში ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი 18-დან 23 თებერვლამდე უმასპინძლებს.