აფციაურის სუპერმატჩი - ბორჯღალოსნებმა კანადა დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის მეორე-ტესტ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაში კანადის ნაკრები 38:17 დაამარცხეს და მიმდინარე თვეში გასამართი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ, არაჩვეულებრივი განწყობა შეიქმნეს.
მასპინძლების რიგებში საუკეთესო შალვა აფციაური გახლდათ, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი სამჯერ აიღო. თითო ლელო დემურ თაფლაძის, გიორგი კვესელაძისა და თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა, ოთხი გარდასახვა კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.
შემოდგომის ტესტებს ქართველი მორაგბეები ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩით 22 ნოემბერს დაასრულებენ - საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება და შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.