24 გოლი და 7 სეივი - ხელბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ
საქართველოს ნაკრების ხელბურთელები კარპატების თასზე მიღწეული წარმატების შემდეგ, საკლუბო ხელბურთს დაუბრუნდნენ და საკმაოდ კარგი თამაშებიც ჩაატარეს. საფრანგეთის ჩემპიონატში „პროვან ექსმა“ სტუმრად „დიუნკერკი“ 30:25 დაამარცხა და გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ნიკოლოზ კალანდაძემ 3 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ერეკლე არსენაშვილს, „სესონ რენთან“ (34:32) საშინაო გამარჯვებაში თანაგუნდელებს 2 გოლითა და 1 პასით დაეხმარა.
შედეგიანი თამაშები ჰქონდათ გიორგი დიხამინჯიასა და გიორგი ცხოვრებაძეს - ისლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „აკიურეირიმ“ „სტიარნანს“ 36:31 აჯობა და წარმატებაში საკუთარი წვლილი დიხამინჯიამ 7 ბურთით შეიტანა. ცხოვრებაძემ კი ხორვატიის პირველობაზე „ჩაკოვეცი“ – „ზაგრების“ (26:40) მატჩში 5 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატს, „აზოტ პულავი“ –„ოსტროვია“ (32:36) შეხვედრაში გამორჩეული იყო სტუმართა ქართველი ლეგიონერი მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი, 11 ასისტი), ხოლო საქართველოს ნაკრებისა და „ლეგიონოვოს“ მეკარემ ზურაბ ცინცაძემ „ვისლა პლოცკისთან“ (21:33) წაგებულ შეხვედრაში 7 სეივი შეასრულა.