„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან
15 იანვრიდან 1 თებერვლამდე სამი ქვეყანა, დანია, შვედეთი და ნორვეგია ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კონტინენტის პირველობაზე კიდევ ერთხელ და ზედიზედ მეორედ მოხვდა საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც E ჯგუფის მატჩებს მალმეში ჩაატარებს და მასპინძლების გარდა მეტოქეებად ხორვატია და ნიდერლანდები ეყოლება.
უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის ქართველმა ხელბურთელებმა ცოტა ხნის წინ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, როდესაც კარპატების თასის პრესტიჟული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, სადაც სამიდან ორი მატჩი მოიგეს და ისტორიაში პირველად ამ შეჯიბრების ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მცველად ქართველი ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი დასახელდა, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად, ამომწურავად და საინტერესოდ ისაუბრა.
ერეკლე არსენაშვილი
კარპატების თასი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოდგა. ვიცოდით, რომ სლოვაკეთის, რუმინეთისა და უკრაინის სახით, სამ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა ასპარეზობა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამი წამყვანი ხელბურთელის, გიორგი ცხოვრებაძის, ზურაბ ცინცაძისა და თემურ ორჯონიკიძის გარეშე მოგვიწია ჩასვლა, მაგრამ ამ დანაკლისმა პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაგვიზარდა და ვეცადეთ კარგად გვეთამაშა.
პირველ მატჩში გაგვიჭირდა და გვქონდა გარკვეული შეცდომები, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კონტროლი დავიბრუნეთ, რომელიც ხელიდან ბოლომდე აღარ გაგვიშვია. ჩემი აზრით, რუმინეთთან, რომელიც საკმაოდ ძლიერი მოთამაშებით დაკომპლექტებული ანგარიშგასაწევი გუნდია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ნამდვილი ევროპული ხარისხის ხელბურთი ვითამაშეთ. პოზიტიური იყო უკრაინელებთან შეხვედრაც, რადგან ორი ახალგაზრდა ხელბურთელის დებიუტი შედგა.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ამაზე ფიქრით და ნერვიულობით გონებას არ დავიტვირთავთ, რადგან კონტინენტის პირველობაზე თამაშის გამოცდილება უკვე გვაქვს და ვიცით, რომ ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არსებობენ. უნდა ვითამაშოთ გუნდურად და არა ინდივიდუალურად და მინიმუმ ერთი მატჩი აუცილებლად მოვიგოთ. ხორვატია, შვედეთი და ნიდერლანდები ძლიერი ოპონენტები არიან, თუმცა ამ უკანასკნელთან ასპარეზობის გამოცდილება გვაქვს. ერთ თამაშში აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს პირველ (ხორვატია), ან მესამე (ნიდერლანდები) ტურში მოხდება.
ვფიქრობ ის მატება, რაც ნიკოლოზ კალანდაძის სახით საქართველოს ნაკრებშია, ძალიან ბევრ რამეს შეგვძენს და მეტოქეებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იქნება, რადგან ნიკას წინააღმდეგ არასოდეს უასპარეზიათ და წარმოდგენა არ აქვთ, რომ მასთან ერთად სულ სხვა სტილისა და ხარისხის ხელბურთს ვთამაშობთ. კალანდაძე არის ხელბურთელი, რომელიც თამაშის პროცესში აზროვნებს და გუნდისთვის სწორ, სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. აქვს მოედნის კარგი ხედვა, ასეთივე დარტყმა და დაცვაშიც ძალიან პროდუქტიულია.
რაც შეეხება თემურ ორჯონიკიძეს, მან ვარჯიში უკვე დაიწყო, თუმცა რამდენად მოასწრებს ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას, ამაზე უფრო კომპეტენტურ კომენტარს სამედიცინო შტაბის წევრები გააკეთებენ. ერთი რამ ცხადია, ორჯონიკიძის არყოფნა გუნდს ყველა თამაშში ეტყობა და თუ კონტინენტის პირველობაზე ვერ ითამაშებს, ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ტიტე კალანდაძის მომზადებული საქართველოს ნაკრები 17 იანვარს ხორვატებთან მატჩით დაიწყებს, რასაც 19 იანვარს შვედებთან შეხვედრა მოჰყვება, ხოლო მესამე ტურში 21 იანვარს, ქართველი ხელბურთელები ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.