ცინცაძის სუპერმატჩები - ქართული დერბი რუმინეთში
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეკარე პოლონეთის ჩემპიონატში ბრწყინავს. ზურაბ ცინცაძემ „ლეგიონოვოს“ რიგებში ზედიზედ ორ მატჩში მოიპოვა MVP-ის პრიზი და საერთო ჯამში 30 მოგერიება დაუგროვდა. უკანასკნელ ტურში ცინცაძემ და მისმა თანაგუნდელებმა „ზაგლემბესთან“ 31:24 გაიმარჯვეს, ხოლო ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე 14 სეივი იყო. ამავე ჩემპიონატში „ოსტროვია“, სადაც მირიან გავაშელიშვილი თამაშობს, გათამაშების ლიდერ „კელცესთან“ 24:38 დამარცხდა და ქართველმა ხელბურთელმა 1 ბურთი გაიტანა.
საფრანგეთის ჩემპიონატში „პროვანს-ექსი“ „მონპელიესთან“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 29:30 დამარცხდა და წაგებულთა რიგებში ნიკოლოზ კალანდაძემ თავი 3 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება ერეკლე არსენაშვილს, მან „ნანტთან“ სტუმრად 32:41 წაგებულ შეხვედრაში „ტრემბლის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა.
ქართული დერბი შედგა რუმინეთის ჩემპიონატში - „პოტაისამ“ „კონსტანტას“ ხუთბურთიანი სხვაობით, 31:26 აჯობა და გამარჯვებულებს შორის 5 გოლი ირაკლი კბილაშვილმა მიითვალა, ხოლო წაგებულთა რიგებში ხაზეინ რუსტამოვის ანგარიშზე 2 ბურთია.
შედეგიანი თამაში ჰქონდა გიორგი დიხამინჯიასაც - მართალია „აკიურერი“ ისლანდიის ჩემპიონატში IBV-თან 34:36 დამარცხდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ქართველ ლეგიონერს მიუძღვის, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.